"ბევრს ჩემი გამოგონების არ სჯერა. არადა, ეს კაცობრიობის მომავალია..." - 88 წლის ქართველ გამომგონებელს ილონ მასკთან შეხვედრა სურს

jemal

ეს კაცი კინო თუ ლიტერატურულ პერსონაჟს რომ ჰგავს, ჩვენს გვერდით ცხოვრობს, სათნოების სახლში, უპოვართა შორის სადილობს და მიუხედავად იმისა, რომ 88 წელს მიატანა, წინ ჯერ კიდევ დიდი გეგმები აქვს. 

 მაგნიტების გამოყენებით შექმნა მუდმივი ძრავა, რომელიც ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს. 

"ეს არის აბსოლუტურად უვნებელი ელექტრო ენერგიაა. და ეს კაცობრიობის მომავალია. სამყარო ბუნებრივ ენერგიაზე უნდა გადავიდეს. ყველაფერი ანაგვიანებს დედამიწას. ჩემი დანადგარი ეკოლოგიურად სუფთაა" - ამბობს "პრაიმტაიმთან" ჯემალ გოგისვანიძე და გვიმხელს, რომ თავისი გამოგონების შესახებ ილონ მასკს უნდა მოახსენოს. 

ჯემალ გოგისვანიძე: დანადგარი გამოვცადე, მივიღე ენერგია. როდესაც ცდი, ათასჯერ გადააკეთებ-გადმოაკეთებ. ახლა ვაკეთებ უკვე ჩამოყალიბებულ ეგზემპლარს, რომელიც ილონ მასკს უნდა ვაჩვენო, რომ მან ტესლა ავტომობილში ჩადგას. ეს დანადგარი თვითონ ტენის აკუმულატორს. მასკს იმიტომ მინდა დავეკონტაქტო, რომ ქარხანა ააშენოს, სადაც ეს დანადგარი დამზადდება. დასაქმდება ბევრი ადამიანი და დიდ შემოსავალსაც მოიტანს. მსოფლიო ამ ენერგეტიკაზე გადავა და ინდუსტრია შეიცვლება.

ბევრს ჩემი გამოგონების არ სჯერა. მათი ტვინი ვერ წვდება იმას, თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გამოგონება.

მე ტესლას დიდ პატივს ვცემ, მისი სურათი სახლში მიკიდია.

ახლა დანადგარზე ვხვეწ ჩემი გამოგონებისთვის დეტალებს.

პროფესიით ჩარხ მშენებელი ვარ. როგორც წამყვან ინჟინერს, "გეპეიში" მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს. სულ გავიგე, სად რა "ქაქი" ტრიალებდა. კაცი, რომელიც ბუმბერაზი მეგონა, სინამდვილეში არაფერი ყოფილა. სხვის ნაშრომებს ითვისებდნენ. მეც გამომიყენეს. ჩემს ნაშრომზე ოთხმა კაცმა დისერტაცია დაიცვა. გეთქვათ, იქნებ გჩუქნიდით-მეთქი. არ მინდა დისერტაციის დაცვა, შენც დოქტორი უნდა იყო და მეც-მეთქი? 

მიგდეთ ყური, შვილო, ადამიანებს ღმერთი შესაძლებლობებს ჩუქნის, მაგრამ ბოროტად არ უნდა გამოიყენო.

ხელით შემიძლია ადამიანის განკურნება. ზემელზე იყო კაფე, სადაც მე რომ საჭმელად დავდიოდი, იქ ექსტრასენსი ჯუნა დავითაშვილი მიმტანად მუშაობდა. მაშინ მე რომ მცოდნოდა ასეთი ენერგიის მატარებელი ვიყავი, ჩვენ ხომ ერთად ვიმუშავებდით?!

ადამიანს ვუხსნი თავის და წელის ტკივილებს. ერთ სეანსითაც მომირჩენია.

ვსადილობ სათნოების სახლში - "კათარზისში". ვინაიდან მარტო ვცხოვრობ, არ მაქვს საჭმლის გაკეთების თავი. მოვალ, აქ ვისადილებ და წავალ.

სამი შვილი მყავს. ყველა დავაბინავე. მყავს შვილიშვილის შვილი. მეუღლეს გაყრილი ვარ. მე ძრავს ვიგონებდი, ის - ჩხუბს. ათი წელი ძლივს გავუძელი. ჩემთან ცხოვრობს ჩემი კატა ტვიშტი, რომელიც თავისით მოვიდა. ძაღლზე მეტი სიყვარული კატამ იცის. მე ასე მგონია.

ახლა ჩემს საიდუმლოს გავხსნი თქვენთან: ჩვენს ყველა ორგანოს თავისი სიხშირე აქვს და მასზე მუშაობს. თუ მას დაავადებულ სიხშირეზე მივაწვდით მის მსგავს სიხშირეს, მასთან რეზონანსში მოვა და ჯანმრთელობა აღდგება. მე ისეთ მუსიკას ვწერ, რომელიც ადამიანს განკურნავს. შამანები ამ ხერხს მიმართავენ. სახლში ინსტრუმენტები მაქვს. მცხეთის ტაძრის ზარი მაქვს ჩაწერილი. ბუნებრივი ხმებიც მექნება. ასე რომ, ამ მუსიკის მოსმენა ადამიანს განკურნავს...

და ბოლოს, მთავარია, სიყვარული. მასზე ძვირფასი კოსმოსში არაფერია. ყველაზე დადებითი და ნამდვილი ენერგია ეს არის.

გიყვარდეთ!

 

ასევე დაგაინტერესებთ: „საცივზე გაგიჟდა, ისე მოეწონა. ერთი ქვაბი შეჭამა!“ - პაატა ბურჭულაძე "პრაიმტაიმთან" პავაროტისთან მეგობრობას იხსენებს

Exclusive: "იმ პერიოდში დაძაბული ურთიერთობა მქონდა მეუღლესთან, რომელიც მღალატობდა..." - სიმღერა "მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონოს" შექმნის ისტორია

"მედეას ყელსაბამს თილისმასავით ვუფრთხილდები. ეს ისეთი რელიქვიაა, ჩემ ყელზე მის გაკეთებას როგორ გავბედავ..." - ქალი, რომელსაც მედეა ჩახავა გასტროლებიდან წერილებს წერდა