პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი შორენა ქონიაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ბოლო რამდენიმე დღეა, ტელევიზიებში და სოციალურ მედიაში აქტიურად (ხშირ შემთხვევაში უხეშად და უცენზუროდ) განიხილება სსიპ ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტი. საქმის რეალური შინაარსით დაინტერესებულთათვის საჭიროდ ჩავთვალე, გავაკეთო განცხადება. ეს განცხადება არ კეთდება სკოლაში და მოსწავლეთა წრეებში პოლიტიკური ვაკხანალიით დაინტერესებული ცალკეული პირებისა და მოძალადე ჟურნალისტებისათვის. მე საზოგადოებას მივმართავ, ვინც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მაღალზნეობრივი ნორმებით საზრდოობს, თანამედროვე სახელმწიფოს აშენებს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილია.
მე-7 საჯარო სკოლაში 1550 მოსწავლიდან 852 მოსწავლე არის რუსულენოვანი. აქ ქართველებთან ერთად სწავლობენ რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ყაზახები... საქართველოს მოქალაქეები და უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეების შვილები. საქმეში ჩახედულთათვის გასაგებია, რომ ჩვენ პოლიტიკურად ანგაჟირებულ გარემოში ასეთ მრავალეროვნულ სკოლაში უსაფრთხო გარემოს, ურთიერთმიმღებლობისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს შექმნა აუცილებელი წინაპირობაა ნორმალური სასწავლო პროცესის წარმართვისათვის.
სკოლის დირექციისა და პედაგოგიური კოლექტივის ძალისხმევა მობილიზებული იყო იმისათვის, რომ სკოლის მრავალეროვნულობის ნიადაგზე მოსალოდნელი ყველა პრობლემა შესაძლებლობად გარდაგვესახა. ამისათვის სკოლაში უამრავ პროექტს, პროგრამას ვახორციელებდით, ღონისძიებას ვატარებდით. ჩვენს წამოწყებას მხარს უჭერდა და გვეხმარებოდა ქ. ბათუმის რესურცეტრი და სამინისტრო. გაგებით ეკიდებოდნენ მშობლები, მოსწონდათ მოსწავლეებს. გაერთიანებული ძალისხმევით 11 წლის განმავლობაში (2011 წლიდან ვხელმძღვანელობ მე-7 სკოლას) სკოლის გარეთ განსჯადი არც ერთი ინციდენტი არ ყოფილა, რისთვისაც თანამშრომლობის, ურთიერთგაგებისა და დახმარებისთვის მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო.
მრავალეროვნულ მოსწავლეთა კოლექტივში ურთიერთმიმღებლობის, ურთიერთპატივისცემის გაღვივებაზე, სახალისო შემეცნებითი შესაძლებლობის შექმნაზე იყო ორიენტირებული შიდა სასკოლო ინტერიერის ესთეტიკური გაფორმებით სასკოლო რესურსის გამოყენების პროგრამა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი იყო სკოლის ფოიეში, კედელზე საქართველოს დროშის ირგვლივ მსოფლიო ქვეყნების დროშების მინიატიურული მაკეტებით სტენდის მოწყობა. აღნიშნული პროგრამის შესრულება შევუკვეთეთ შპს ,,თეოპრომოუშენ"-ს. კომპანიამ დროშების სტენდი დაამონტაჟა 14 სექტემბრის საღამოს სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, რის გამოც ვერ მოხერხდა დროშების სათითაოდ გადამოწმება.
ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ აღნიშნულ სტენდზე შესაძლებელი იქნებოდა თვითგამოცხადებული აფხაზეთის დროშის განთავსება. ცრუობს კომპანიის ხელმძღვანელი, როცა ამბობს, რომ თითქოს სკოლამ ქვეყნების ჩამონათვალი გაუგზავნა, შეუთანხმა ან დაუდასტურა. სიმართლის დადგენა მარტივად არის შესაძლებელი, თუ კომპანია სიმართლეს ამბობს, უნდა წარმოადგინოს წერილობითი მოთხოვნა, ან მიმოწერა სკოლის ადმინისტრაციასთან, რასაც არ აკეთებს და ვერ გააკეთებს, რადგან მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
შეკვეთა ითვალისწინებდა ზოგადად მსოფლიო ქვეყნების რუკებით სტენდის შექმნას. აფხაზეთი და სამაჩაბლო ყველა ქართველისათვის საქართველოს განუყოფელი ნაწილია და მსოფლიო ქვეყნების ჩამონათვალში ვერ უნდა მომხდარიყო. შეიძლება, ქალბატონმა თავის მართლების რეჟიმში სიტუაციასთან შეუსაბამო ტერმინი-სიტყვა გამოიყენა. აქ ერთი ნიუანსია საინტერესო, რაში სჭირდებოდათ სტამბაში აფხაზეთი დროშა. არ მინდა, ვიფიქრო პოლიტიკურ შემადგენელზე. როგორც კი შევიტყვე სტედზე აფხაზეთის დროშის არსებობის შესახებ, მაშინვე ჩამოვახსნევინე. შეიძლებოდა თუ არა აღნიშნული ინციდენტის აცილება? დიახ, თუ არაფერს გავაკეთებდით, ინციდენტიც არ მოხდებოდა, თუმცა აქამდე არა ერთი მსგავსი გამოწვევა დაგვიძლევია. ახლაც გვინდოდა, კარგი რამ გაგვეკეთებინა, მაგრამ ამჯერად არ გამოგვივიდა. მე, როგორც დირექტორმა, მოვადუნე ყურადღება, დავუშვი შეცდომა, რის გამოც დავტოვე დირექტორის თანამდებობა.
რაც შეეხება მოქალაქე შორენა ქონიაძეს, მოწოდებითა და პროფესიით ისტორიის მასწავლებელი ვარ და კუპონების პირობებშიც კი, ერთი გაკვეთილი არ გამიცდენია. თუმცა მე იურისტიც ვარ და ყოველთვის მქონდა შანსი, უფრო სარფიან სამსახურში მემუშავა. მე მიყვარს მოსწავლეები და მეამაყება, რომ უკვე შემდგარი ადამიანები შორენა-მასწავლებელოთი მომმართავენ და ინსინუაციები ჩემს არაპატრიოტობაზე შეურცხმყოფელია. ცალსახად მინდა, განვაცხადო, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი სამშობლოს ძირძველი, განუყოფელი ნაწილია, რომელიც ოკუპირებული აქვს რუსეთს. შეუძლებელია, ქართველი სხვანაირად ფიქრობდეს.
ეს არის სათქმელი, რომელიც მინდა, ამ წერილით მივიტანო საზოგდოებამდე, რისი საშუალებაც არ მომეცა იმ არაცივილური, ყოვლად მიუღებელი კამპანიის პირობებში, რაც ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარეობს, არა ერთი მედია საშუალების, თუ ცალკეული პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფების მხრიდან. სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციებმა და ჯგუფებმა ცილისმწამებლურ, ადამიანის ღირსების შემლახავ, დამამცირებელ კამპანიაში ასეულობით ადამიანი აიყოლიეს და სოციალურ ქსელში დღემდე განაგრძობენ ჩემს დაბულინგებას. წინასწარი განზრხვით დეზინფორმაციის ტირაჟირებით, პირადი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ფაქტების დამახინჯებულად წარმოდგენით ამ მედია საშუალებებმა და ჯგუფებმა ხელყვეს ჩემი საქმიანი და პირადი რეპუტაცია, რის შექმნასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება შევალიე.
ამიტომ, ვაპირებ, გამოვიყენო კანონით გათვალისწინებული ყველა გზა და შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას ჩემ საქმიანობასთან და პიროვნულ ღირსებასთან დაკავშირებით ერთი კითხვის ნიშანიც კი არ დარჩეს, რაც პრევენციულად დააზღვევს სხვა შესაძლო მსხვერპლებსაც, ვის წინააღმდეგაც, ასეთ სრულიად უკონტროლო ვითარებაში, ასევე თავისუფლად არის შესაძლებელი საქმიანი რეპუტაციის და ღირსების შემლახავი დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება“- წერს ყოფილი დირექტორი განცხადებაში.