რომელ უნივერსიტეტებში შეუძლიათ ოქროს მედალოსნებს დაფინანსების მოპოვება - დეტალები
1781642607
თბილისის მერიის ინიციატივით, წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილია მუნიციპალური მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა. პროექტის შესყიდვის მიზნით, თბილისის მერია შესაბამის კონკურს აცხადებს, – ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია და 17 ივლისს დასრულდება.
„ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, ვაკის რაიონში, ბაგების დასახლებაში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა. ზოგადად, მულტიფუნქციური ცენტრები ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წლებში ორი დიდი პროექტი განვახორციელეთ – დიდ დიღომსა და სამგორის რაიონში. ორივე ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარდა ამისა, გვაქვს საინტერესო პროგრამა 60 წლის ზემოთ ადამიანებისთვის, რომელთაც ეს ინფრასტრუქტურა ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეუძლიათ გამოიყენონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ახალ ცენტრში პირველად განხორციელდება ღია ტიპის საცურაო აუზის პროექტი.
„სპორტულ ცენტრში განთავსდება საცურაო აუზი ზომით 50X25-ზე, რომელიც იქნება როგორც ღია, ისე დახურული ტიპის. მსგავსი პროექტი ჯერ არ გაგვიკეთებია. ასევე, მოეწყობა დახურული 7X7-ზე ზომის საფეხბურთო მოედანი, ფიტნეს დარბაზი და პადელის კორტები. ობიექტს ექნება საპარკინგე სივრცე და ტერიტორია კაფესთვის. აღნიშნულის განსახორციელებლად, პროექტის შესყიდვის მიზნით, თბილისის მერია აცხადებს კონკურს. წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია და დასრულდება 17 ივლისს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა და იმედი გამოთქვა, რომ იქნება შესაბამისი დაინტერესება, რათა თბილისში კიდევ ერთი გამორჩეული არქიტექტურის პროექტი განოხორციელდეს.