„ასჯერაც რომ გაუკეთო ადამიანს სიკეთე, მერე ერთხელ რომ ვეღარ გაუკეთო, იტყვის, ჰქონდა და არ მომცაო“ - როგორ იღებდა ვალებს გიორგი გურგულია სხვების დასახმარებლად

გიორგი გურგულია

როგორია ფულთან ურთიერთობაში მსახიობი გიორგი გურგულია, რატომ არ გამოსდის მას ეკონომიის გაკეთება და რატომ ვერ შეინარჩუნა დიდხანს კარგი მატერიალური მდგომარეობა, ამაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს:

გთავაზობთ მცირე ამონარიდს:

– თქვენ გარშემო არ შეცვლილან ადამიანები დიდი ფულის შოვნის შემდეგ?

– რა ვიცი, მე ვერ მცვლის ვერანაირი ფული (იცინის). რაღაც პერიოდი მატერიალურად კარგად ვიყავი. სარეკლამო სააგენტო მქონდა, ინტენსიურად ვიღებდი კლიპებს და ფულიც იყო. რომ ვიღვიძებდი, სახლში ერთი ათი კაცი მაინც იჯდა და მელოდებოდნენ, როდის გავიღვიძებდი, რომ თავისი პრობლემების შესახებ ეთქვათ. ზოგს მამის საფლავის ქვისთვის სჭირდებოდა, ზოგს ბავშვი ჰყავდა ავად, გასაჭირს რა დალევს. ადამიანი რომ მოვა და გეტყვის, შვილი ან მშობელი მყავს ავადო და ფულს გთხოვს, თუ გული გაქვს, როგორ შეიძლება, უარი უთხრა?! ამ ფულებს ვარიგებდი, ვარიგებდი და დაილია. რამდენ ხანს გეყოფა?! (იცინის). მერე არ სჯეროდათ, რომ აღარ მქონდა. რატომღაც, როცა ფული გაქვს, ყველას ჰგონია, რომ მუდმივად გექნება, მაგრამ თუ დადგები და ასე არიგებ, რა თქმა უნდა, არ გექნება. მეც გამითავდა და შემდეგი სამი-ოთხი თვე ვიღაცებისგან ვსესხულობდი, რომ მათთვის მიმეცა, ვისაც ძალიან სჭირდებოდა. როცა იციან, რომ ფული გაქვს, ადვილად გასესხებენ, ხომ იცით, როგორცაა. იციან, რომ გამსტუმრებელი ხარ. რამდენიმე თვე კიდევ ვარიგე ნასესხები ფული და მერე, დაახლოებით, ნახევარი წელი მარტო ამ ვალების გასასტუმრებლად ვმუშაობდი. მივხვდი, რომ ამას ბოლო არ ჰქონდა. ასჯერაც რომ გაუკეთო ადამიანს სიკეთე, მერე ერთხელ რომ ვეღარ გაუკეთო, იტყვის, ჰქონდა და არ მომცაო. ასეთია ადამიანის ბუნება. იმას კი არ იფიქრებს, შეიძლება, იმ მომენტში მართლა არ ჰქონდაო. როცა ეხმარები, ამას ჩვეულებრივად იღებს, მაგრამ თუ ვეღარ დაეხმარები, ის აუცილებლად დაამახსოვრდება. ამიტომ, როცა სიკეთეს აკეთებ, მერე რაღაც მომენტში, გრძნობ დაუნახაობას, ფიქრობ, რატომ არიან ადამიანები ასეთები და ამიტომაცაა, რომ სამი ადამიანის გამო შეიძლება, სიკეთის კეთების სურვილი გაგიქრეს. თუმცა, შენ ხომ ამას ვიღაცის დასანახად არ აკეთებ. თუ სიკეთეში ანგარება დევს, ის სიკეთეც აღარაა, მაგრამ უმადურობა მაინც მოქმედებს ადამიანზე. ბევრისგან გამიგია, რომ დაუნახაობისა და უმადურობის გამო სიკეთის კეთების სურვილი დააკარგვინეს. საერთოდ, უმადურობა ძალიან დიდი ცოდვაა.

– თვითონ თუ ახერხებთ ვალის გარეშე ცხოვრებას?

– არა, ამის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. რამდენიმე წელია, სულ ვალებში ვარ. მერე ამ ვალებს ვისტუმრებ, ვიღებ და ასე შემდეგ. 2008 წელს, ომის პერიოდში დაიწყო ჩემს ცხოვრებაში არეულობა. სააკაშვილის დროს მიწა გვქონდა, ინვესტორი გვყავდა, მაგრამ წაგვართვეს ის მიწა. დღემდე დაუსრულებელი ისტორიაა. იმის მერე დაიწყო ჩემი პრობლემები და დღემდე გრძელდება. მე ხომ თეატრში არ ვარ, კინოს მსახიობი ვარ და უხელფასოდ, მხოლოდ ჰონორარებზე ვცხოვრობ. ვერ დადგა კინო ფეხზე, აქაც სულ ერთმანეთის ჭამა და ბრძოლა მიდის და ვერ დალაგდა ეს ამბავი. ყველგან პოლიტიკა შეაქვთ და მუდმივი განხეთქილებებია. ხელოვნება პოლიტიკისგან თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში ცოტა რთულია. ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაფერი გააკეთა ჩემს დასაბლოკად, იმიტომ, რომ არ ვიყავი მათი გულშემატკივარი.

ახლა ძალიან კარგ პროექტზე ვმუშაობთ, სერიალ „USAშველოებს“ ვგულისხმობ და მიხარია, რომ კარგი გამოხმაურება აქვს, მაყურებელს მოსწონს.

– ოდესმე რამე მოგიგიათ ან გიპოვიათ?

– კი, ქუჩაში რაღაცები მიპოვია, მაგრამ მიძებნია ადამიანი, ვინც ის დაკარგა. ძალიან ძნელია რამის დაკარგვა. მეც დამიკარგავს, მაგრამ ამ დროს ვფიქრობ ხოლმე, რომ იმედია, ჩემზე გაჭირვებულმა იპოვა. ბევრი დამიკარგავს, მაგრამ ძირითადად, გაჩუქება ვიცი. სხვის სიხარულს რომ ხედავ, ამ განცდას ვერცერთი ნივთი ვერ მოგანიჭებს. არც ძვირფასი ნივთების მიმართ მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება. უჩუქებიათ 40 000-იანი საათი და გამიჩუქებია.

– მგონი, ფულისა და ძვირად ღირებული ნივთების თავიდან მოშორებას ცდილობთ.

– კი, ფულის მოშორებაზე ვარ (იცინის). სანამ ბოლომდე არ დავხარჯავ, თითქოს მაწუხებს, არ მასვენებს. გარშემოც იმდენი გაჭირვებულია. ყველას ვერ გაწვდები, ყველას რომ ის შეუსრულო, რაც უნდა, მაშინ ღმერთი უნდა იყო, თუმცა, ყველაზე მეტად ბავშვების საჩუქრებით გაბედნიერება მახარებს.