არსებობს თუ არა შემთხვევითობა ქრისტიანობაში

shemtxvevitoba

ჩვენ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი არსებობს. ამას ჩვენ ვამბობთ, რომ „აი, რაღაც შემთხვევით მოხდა“, მაგრამ, სინამდვილეში, ქრისტიანული გადმოსახედიდან შემთხვევითობა არ არსებობს და რაც ხდება, საერთო ჯამში, ხდება კანონზომიერად – სამწუხაროდ, ჩვენთვის უხილავ სულიერ მდგომარეობასთან შესაბამისობით.

რას ნიშნავს სულიერი მდგომარეობა? აი, ახლა აქ რომ ვსხედვართ, ჩვენ ერთმანეთს ვხედავთ – ყველაფერი ხილვადია, სულის ხილვა კი არის შესაძლებელი? რა არის სული? ის უხილავია. სულიერ მდგომარეობაში იგულისხმება ის, რაც ხდება ადამიანის სულში. მასში კი რა ხდება? – მე ვოცნებობ, ვფიქრობ სხვადსხვა ადამიანზე – ვიღაცაზე კარგად, ვიღაცაზე – ცუდად; ვიღაცას სიკეთეს ვუსურვებ, ვიღაცას – ვერ ვიტან. ამ ყველაფერს, რაც ხდება ჩემ სულში, ვერავინ ხედავს. ველაპარაკები ადამიანს, ვუღიმი მას და ასე შემდეგ, თავად კი შიგნით სიბრაზისგან და შურისგან ვივსები. თუმცა, მოსაუბრეს სასიამოვნო სიტყვებს ვეუბნები, ვიტყუები და ეს ყველაფერი ჩემშია – მას ვერავინ ხედავს. გარეგნულად სრულიად სუფთა ვარ, ყველაფერი მშვენივრად არის, შინაგანად კი – ვერავინ ვერაფერს ხედავს. აი, სწორედ ეს ჩემი უხილავი არის ჩემი სულიერი მდგომარეობა.

და რას ამბობს ქრისტიანობა? – თურმე, ეს სულიერი მდგომარეობა (ანუ რასაც ნებას ვრთავ ჩემ სულში რომ განვითარდეს) განსაზღვრავს სწორედ ჩემი გარეგნული ცხოვრების მთელ ხასიათს – ადამიანის ცხოვრების ყველა მიმართულება, საბოლოო ჯამში, განისაზღვრება ამ სულიერი მდგომარეობით, რომლის წყარო არის: „რისკენ მივისწრაფვი მე? – ვიყო მეტად უკეთესი, თუ ყველაფერს ხაზი გადავუსვა? უნდა ვიცხოვრო, თუ არა ოდნავ სინდისიერად, თუ მივაფურთხო ამ სინდისს? ერთხელ ვცხოვრობ ამ ქვეყნად და მორჩა!“ აი, სწორედ ეს ჩვენი სულიერი მდგომარეობა ახდენს მთელი ჩემი გარეგნული ცხოვრების ფორმირებას.

ქრისტიანული თვალსაზრისით, არ არსებობს შემთხვევითობა და ჩვენი სულიერი მდგომარეობა განსაზღვრავს ცხოვრების ყველა მიმართულებისა და ფორმის მთლიანობას, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდებით ხოლმე და ეს ყველაფერი ხდება ერთი მთავარი კანონის ეგიდით, რაც არის ადამიანული ცხოვრების ყოფიერება; ეს ყველაფერი არ ხდება კარმის კანონით, როგორც ეს ინდუიზმშია – ეს უსულო კანონია; ყოფიერების უმაღლესი კანონია სიყვარულის კანონი. ეს ყველაფერი ემართება ადამიანს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს მისთვის საუკეთესოა მის მიერ საუკუნო ცხოვრების დამკვიდრების თვალსაზრისით. მაგალითად, მივდივარ გზაზე და ორმოში ჩავვარდი. რა არის ამაში კარგი? ის, რომ მხოლოდ ცხვირი გავიტეხე, სხვა დროს კი ხელ-ფეხი შეიძლება დავიმტვრიო. ასე რომ ეს არის ცხოვრებისეული გაკვეთილი იმისთვის, რომ სიარულის დროს წინ ვიყურო და არა განზე.

ამდენად, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. უდიდესი ქრისტიანული ჭეშმარიტებაა, რომ არ არსებობს შემთხვევითობა, არამედ ეს არის ის, რასაც ღვთისმეტყველებაში ეწოდება უფლის განგებულება. ანუ სიყვარულის ეს უზენაესი კანონი გამეფებულია ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ ღმერთი კი არ მოქმედებს, ის მხოლოდ გვაფრთხილებს, რომ ბოროტება არ ჩავიდინოთ, თუკი არ გვინდა, რომ ეს ბოროტება თავადვე მოგვიბრუნდეს. ეცადე, მოიქცე სიყვარულის კანონით: ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ და მაშინ იქნები კარგად.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მითუფრო, როდესაც ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ესა თუ ის ფაქტი შემთხვევით ხდება – „მე მომატყუეს“, „მე ფეხი დამიდეს“, „მე იქ ძალით წამიყვანეს“ და ასე შემდეგ. არა, ეს ასე არ არის: შენ მოგატყუეს იმიტომ, რომ შენ უკვე ათასჯერ მოატყუე და ფეხიც იმიტომ დაგიდეს, რომ შენც ბევრჯერ წამოუდე ფეხი სხვას… ცოტა დაფიქრდი და მაშინ გაიხსენებ ყველაფერს.

ქრისტიანობა უდიდეს საქმეს გთავაზობს, რომელიც სხვათაშორის, სხვა არც ერთ რელიგიაში არ არის.  ეს არის მონანიება. ამით შესაძლებელია იმ ზიანის გამოსწორება, რომელიც უკვე ჩადენილია. სინანული ადამიანს  საშუალებას აძლევს, ტალახი ჩამოირეცხოს, გამოსწორდეს და მაშინ ის, თითქოსდა, თავისუფლდება. ქრისტიანობა მუდმივად მოუწოდებს ადამიანს მონანიებისკენ.

ალექსეი ოსიპოვის ლექციები

თარგმნი: ზურაბ თვაური

dogma.ge