"ჩემმა შვილმა სალომეს დაურეკა და უთხრა, თუ მამაჩემს არ შეურიგდები, ახლავე თავს მოვიკლავო" - ლაშა ბასლანძე ოჯახზე

bakuradze

პროდიუსერ ლაშა ბასლანძის შვილი, 17 წლის ელენე ბასლანძე ყურადღების ცენტრში არა ცნობილი ოჯახის, არამედ საკუთარი წარმატებების გამო მოექცა. ელენე ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა – დრიუს უნივერსიტეტმა, რომელიც ნიუ-ჯერსიში მდებარეობს, 80 000-დოლარიანი გრანტით მიიღო. ჟურნალ "თბილისელებთან" ელენეს მამა და მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარი, ლაშა ბასლანძე ოჯახზე საუბრობს. 

როგორც ის ამბობს, გაუმართლა, რომ შვილს და მის მეორე ცოლს - სალომეს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ.  

"ელენე ძალიან ყოჩაღი გოგო გვყავს. კარგად სწავლასთან ერთად ყველაფერს ასწრებს. ძალიან აქტიური და მეგობრულია. სკოლას ოქროს მედალზე ამთავრებს. მასწავლებლები მირეკავენ და მადლობას მეუბნებიან ხოლმე. ამაზე საამაყო არაფერია. გამოცდებში ძალიან კარგი შედეგები მიიღო და საკუთარი მონაცემები ამერიკის ათ უნივერსიტეტს გაუგზავნა. პირველივე უნივერსიტეტისგან ძალიან მაგარი პასუხი მივიღეთ და ახლა დანარჩენ ცხრას ველოდებით.

იმ უნივერსიტეტების სამეულიდან ყველაზე მაგრად რომელიც უნდა, ეს უნივერსიტეტი მესამეა. მათგან 80 - ათას დოლარიანი გრანტი წამოიღო. აქედან გამომდინარე, დანარჩენებისგანაც კარგ შედეგებს ველოდებით. თუმცა, ჩვენ არაფერში ვერევით. ელენე ყველაფერს დამოუკიდებლად არკვევს. არჩევანსაც თავად გააკეთებს.

ელენიკოს დედიკო ამერიკაშია და ეს გვამშვიდებს. არც მას გაუჭირდება იქ და არც მე – მისი გაშვება, რადგან მარტო არ იქნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო იმიტომ ვარ მშვიდად, რომ ვიცი, მისგან რა ადამიანიც დადგება და აქ, პირველ რიგში, კაცთმოყვარეობას ვგულისხმობ.

– რა მიმართულებას ირჩევს?

– სამედიცინო მენეჯმენტს, ჯანდაცვის სფერო მოსწონს. ეს ჩვენი ოჯახისთვის ნაცნობი სფეროა. დედა, ბებია – ყველა ექიმი მყავს, ჩვენი კლინიკა გვაქვს და ალბათ, ბუნებრივია, რომ ელენემაც ეს მიმართულება აირჩია. მისთვის მართვა და მენეჯმენტია პრიორიტეტული და ვნახოთ, ჩვენ არაფერს ვკარნახობთ. მხოლოდ მის არჩევანს მივყვებით. სრულწლოვანი რამდენიმე დღის წინ გახდა და ახალ ცხოვრებას იწყებს.

– რა განცდა იყო, ეს პასუხები რომ მიიღეთ?

– პასუხები პირველმა მე ვნახე, რადგან ჩემი ელექტრონული ფოსტა ჰქონდა მითითებული. ეს მშობლისთვის საოცარი გრძნობაა, ვერც გადმოვცემ. ისეთი ამაყი ვიყავი, რამდენიმე დღე დავფრინავდი.

მე და ელენიკოს საოცრად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. გარდატეხის ასაკს ახასიათებს სირთულეები, თან ელენეს დედა აქეთ არ ჰყავს, გოგოა და თავისებური მიდგომა სჭირდება. ეს პერიოდი სალომემ შეგვიმსუბუქა. იმისთვის, რაზე საუბარიც ჩემთან არ შეეძლო, სალომეს მიმართავდა. მან და სალომემ, ამ მხრივ, საოცრად გამიმარტივეს ცხოვრება. სადაც მე ვერ მივყვებოდი, იქ სალომე აკეთებდა გასაკეთებელს. სიმართლე რომ გითხრათ, ელენიკოსთვის ხმამაღალი სიტყვა არ მითქვამს. ერთმანეთზე ჭკუა გვეკეტება. მისი მამობა ჩემთვის ძალიან საამაყოა. თუკი რამე კარგი გამიკეთებია ამქვეყნად, ღმერთი მადლობას ამ ბავშვის სახით მიხდის.

– მგონია, რომ სალომე და ელენე ერთი გუნდი არიან. როცა შვილი გყავს და ოჯახს ქმნი, ალბათ, ბევრს ნერვიულობ იმაზე, როგორ გაუგებენ ერთმანეთს შვილი და მეუღლე, არა?

– ალბათ, ეს ისევ ელენიკოსა და სალოს შეგნების დამსახურებაა. 7-8 წლის იყო, მე და მისი დედიკო რომ დავშორდით. რაღაც პერიოდის შემდეგ სალომესთან დავიწყე ურთიერთობა და ისინი თავიდანვე დამეგობრდნენ. ერთხელ მე და სალომემ რაღაცაზე ვიჩხუბეთ. მაშინ ელენიკო, მგონი, ცხრა წლის იყო. რომ ნახა, მოწყენილი ვიყავი, სალომეს დაურეკა და უთხრა, თუ მამაჩემს არ შეურიგდები, ახლავე თავს მოვიკლავო. მას შემდეგ ერთად მოდიან, ერთი გუნდი არიან. არის თემები, რომელშიც მე საერთოდ არ მახედებენ. თავისი საიდუმლოებები, რჩევები და მეგობრობა აკავშირებთ. ეს ჩემთვის იმხელა ბედნიერება და კომფორტია, ვერც გადმოვცემ, მხოლოდ ის შემიძლია, სამყაროს მადლობა გადავუხადო და ასეც ვიქცევი.

– სანტიზეც უნდა ვისაუბროთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პატარაა, სადაც არ უნდა მოხვდეს, ყველგან ახერხებს ყველას ყურადღების მიქცევას.

– კი, სანტის უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ის, ალბათ, სწავლით ვერ გამათამამებს, მაგრამ ნამდვილი შოუმენი იქნება (იცინის). რაც მთავარია, ვგრძნობ, რომ ჩემი შვილები კეთილი და კაცთმოყვარე ადამიანები არიან. სანტი ცელქია, მაგრამ არა უზრდელი. აშკარაა, რომ კამერა და ხალხთან ურთიერთობა უყვარს. სულ ვამბობ ხოლმე, ეს ან აგვაშენებს, ან დაგვღუპავს-მეთქი და იმედია, აგვაშენებს. 

 

წყარო: თბილისელები