არალეგალთა დეპორტაცია - საბურთალოს რაიონსა და აღმაშენებლის გამზირზე, მხოლოდ ერთ კვირაში, ხელბორკილები 50-მდე არალეგალს დაადეს, ყველა მათგანი ქვეყნიდან უკვე დეპორტირებულია

დაკავება

თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე მდებარე კორეული რესტორანი ერთ-ერთია იმ დაწესებულებებს შორის, სადაც არალეგალი მიგრანტები იყვნენ დასაქმებულნი. სწორედ კვების ამ ობიექტიდან აიყვანეს ბანგლადეშის ორი და ინდოეთის ერთი მოქალაქე. მათ ქვეყანაში ყოფნისთვის არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი არ აღმოაჩნდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო მიგრაციის გამოსავლენად რეიდები სხვა დაწესებულებებშიც ჩაატარა. საბურთალოს რაიონსა და აღმაშენებლის გამზირზე, მხოლოდ ერთ კვირაში ,ხელბორკილები 50-მდე არალეგალს დაადეს. ყველა მათგანი ქვეყნიდან უკვე დეპორტირებულია.

რუსეთი, ინდოეთი, ირანი, ნიგერია, პაკისტანი, იორდანია, ეგვიპტე, ლიბანი და კიდევ სხვა არაერთი ქვეყნის ათობით მოქალაქე საქართველოდან საკუთარ ქვეყნებში დააბრუნეს. სალონები, რესტორნები, კაფეები და ბარები - ძირითადად, ეს ის ობიექტებია, სადაც უცხო ქვეყნის არალეგალი მოქალაქეები მუშაობენ, თუმცა ყველაზე ხშირად უკანონო მიგრაციის კვალი საკურიერო მომსახურეობის სფეროში გხვდება. თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით "ვოლტის" და "გლოვოს" კურიერებს, რომელთა დიდი ნაწილი, როგორც ირკვევა, სწორედ არალეგალი მიგრანტია.

უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა სამომავლოდ კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება - ასეთია ხელისუფლების მოლოდინი. მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი "კურიერი P.S.-თან" ამბობს, რომ მიმდინარე წლის 11 თვეში ქვეყნიდან უკვე 1 131 უკანონო მიგრანტი გააძევეს, მათ შორის ნოემბერში 152 უცხო ქვეყნის მოქალაქე.

ის, რომ უკანონო მიგრაცია გლობალური გამოწვევაა, ამაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ქვეყნებში დიდი ხანია საუბრობენ. საქართველოში, მიგრაციის ლეგალურ ჩარჩოში მოქცევის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა კანონმდებლობაც გაამკაცრა. მიზანი არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრაა. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ 3-4 წელიწადში პრობლემას სრულად დაძლევს.

საქართველოდან დეპორტირებულ არალეგალებს შორის პირველ ადგილზე ინდოეთის მოქალაქეები არიან, შემდეგ მოდიან ირანისა და თურქეთის მოქალაქეები.