არაფრით არ ჩაჯდა იმ დაჯავშნილ მანქანაში - მამა შალვა ილია მეორესთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს

მამა შალვა კეკელია

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ გადაცემაში „იმედის კვირა“ 2008 წელს კონფლიქტის ზონაში პატრიარქის ჩასვლის ეპიზოდი გაიხსენა. დეკანოზი იხსენებს, რომ მაშინ საფრთხის მიუხედავად უწმინდესმა და უნეტარესმა დაჯავშნილი მანქანით გამგზავრებაზე უარი განაცხადა.

„ეუბნებოდნენ, რომ არ შეიძლებოდა, უწმინდესი იქ წასულიყო იმიტომ, რომ პირდაპირი საფრთხე იყო, არავინ გვაძლევდა გარანტიას, რომ მას იქიდან ჭურვს არ ესროდნენ, არ მოკლავდნენ და ასეთი რამე არ მოხდებოდა. დაჯავშნილი მანქანა დაახვედრეს და მან თქვა, არა, მე რომ მანდ ჩავჯდე, სამღვდელოება მომყვება და იმათთვის ვინ გამოყოფს ამ მანქანებსო, რადგან მათთვის არ გამოიყოფა ეს [დაჯავშნილი] მანქანები, მეც ჩვეულებრივ, ჩემი მანქანით წავალო. არაფრით არ ჩაჯდა იმ დაჯავშნილ მანქანაში“, - გაიხსენა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

ის ასევე იხსენებს შინდისის ბრძოლის დროს დაღუპული ჯარისკაცების გადმოსვენების ეპიზოდს.

„ჩავიდა და როდესაც გაიარეს ის ადგილი, სადაც ჩვენი გმირი ბიჭები, შინდისელი გმირები იყვნენ დაღუპულები, გააჩერებინა მანქანა, თავისი ანაფორა გაიხადა და ძირს დაუფინა ამ ადამიანებს. როცა ახლობელი გარდაგეცვლება, როგორი რთულია, რომ გარდაგეცვალა და წარმოიდგინეთ, როგორი რთულია, მისი ცხედარიც რომ არ გაქვს და პატრიარქმა მათ [ოჯახებს] ეს ცხედრები დაუბრუნა“, - აღნიშნა დეკანოზმა.

საქართველომ დღეს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.