ირაკლი ჩიქოვანი: ქართული სახელმწიფო ერთგულად აგრძელებს ისტორიული მემკვიდრეობის განმტკიცებას, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ, ეროვნული იდენტობის დაცვისკენ

ირაკლი ჩიქოვანი

დიდგორი გვასწავლის, მაშინ, როდესაც ერი ერთიანია, სახელმწიფო ინსტიტუტები – ძლიერი და მისi საზოგადოება საკუთარი ქვეყნისადმი უპირობო ერთგულებით არის გამსჭვალული, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც კი დაძლევადია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა დიდგრობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება დღეს არა მხოლოდ აფასებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების მნიშვნელობას, არამედ დავით აღმაშენებლის იდეალების ერთგულებით განაგრძობს ქვეყნის განვითარების გზას.

„გილოცავთ დიდგორობის დღესასწაულს, ჩვენი ერის ერთიანობის, სიმამაცისა და ბრწყინვალე გამარჯვების უკვდავ სიმბოლოს. თითოეული ქართველის გულსა და გონებაში ეს არის წმინდა, განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც გვეამაყება, გვიძლიერებს ეროვნულ თვითშეგნებას და მომავლის რწმენას გვიმტკიცებს. 1121 წლის 12 აგვისტოს გამარჯვებამ არა მხოლოდ რიცხობრივად უპირატეს მტერთან ბრძოლის ბედი გადაწყვიტა, არამედ განამტკიცა ქვეყნის ერთიანობა და საფუძველი ჩაუყარა ძლიერი და განვითარებული ქართული სახელმწიფოს ოქროს ხანას. დიდგორის ველზე მოპოვებული ძლევაი საკვირველი, თითოეული დიდგორელის შეუპოვრობასთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, იყო დავით მეფის ბრძნული და შორსმჭვრეტელური პოლიტიკის შედეგი. დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობით, ჯარის რეფორმირებით, ეროვნული ერთიანობის განმტკიცებით, ეკლესიისა და სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობით, ერში სულიერი და მორალური ორიენტირების გაძლიერებით. წმინდა მეფე დავითმა თავისი გამორჩეული მხედართმთავრული ნიჭი, სახელმწიფოებრივი ხედვა და შინაგანი სულიერი სიმტკიცე მამულის, ენისა და სარწმუნოების გამტკიცებას მიუძღვნა. სწორედ ამ მძლავრ საფუძვლებზე გახდა შესაძლებელი გამარჯვება, რომელმაც საქართველო განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

ქართული საზოგადოება დღეს არა მხოლოდ აფასებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების მნიშვნელობას, არამედ დავით აღმაშენებლის იდეალების ერთგულებით განაგრძობს ქვეყნის განვითარების გზას, რაც სახელმწიფოს განმტკიცებისა და გაძლიერებისკენ მიმართულ გონივრულ პოლიტიკასა და მტკიცე ნებაში აისახება. ჩვენს მრავალსაუკუნოვან მხედრულ ტრადიციასა და წინაპართა გმირობას ეფუძნება ქართული ჯარის სულისკვეთება. სწორედ სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს და რომლის ერთგულება თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა.

დღევანდელი ქართული სახელმწიფო ერთგულად აგრძელებს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და განმტკიცებას. ჩვენი მთავრობის და მთლიანად პოლიტიკური გუნდის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ, სახელმწიფოს ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისკენ, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვისკენ. ეს არის გზა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ისტორიის საუკეთესო გამოცდილებისა და ჩვენი საერთო მომავლისადმი უდიდეს პასუხისმგებლობას. დიდგორი გვასწავლის, მაშინ, როდესაც ერი ერთიანია, სახელმწიფო ინსტიტუტები – ძლიერი და მისი საზოგადოება საკუთარი ქვეყნისადმი უპირობო ერთგულებით არის გამსჭვალული, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც კი დაძლევადია. გილოცავთ დიდგორობის დღესასწაულს. მარადიული ხსოვნა დიდგორის გმირებს, ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.