ყურადღება! შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს
1786520663
მიხეილ სააკაშვილი იმ ხალხით არის უკმაყოფილო, რომელიც თავისი პასიურობით არა მხოლოდ აზიანებს საერთო ბრძოლას, არამედ ასუსტებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
ფარულავამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ „ოპოზიცია, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, არ აქტიურობს, მათზე ან საქმეა აღძრული, ან გაყიდულია, ან პლაჟზეა წამოკოტრიალებული, უცხოეთში ისვენებს და ვერ მოიცალა რამის თქმისთვის“.
„პირველ რიგში, პუტინის პირად ტყვეს და ივანიშვილის პოლიტიკურ პატიმარს, მიხეილ სააკაშვილს სრულად ვეთანხმები. ის ამ ქვეყნისთვის არის პოლიტიკური ტყვე, მასთან ერთად ჩვენი თანამებრძოლებიც. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. არ შეიძლება, როცა ამდენი პოლიტპატიმარია ციხეში, ოპოზიციის მხრიდან არ იყოს ისეთი ტიპის აქტიურობა, რომელიც სჭირდება ამ პოლიტიკურ პროცესს. ამაზე საუბრობს სააკაშვილი და ეხება ყველას, მათ შორის, შეიძლება, ჩვენზეც იყო საუბარი, რადგან ჩვენ გვაქვს ვალდებულება ქვეყნისა და ხალხის, პოლიტპატიმრების წინაშე. ეს ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ ვიყოთ აქტიურები და ეს ქვეყანა არ უნდა ვაქციოთ ირანულ-რუსული სისხლიანი ფულის კრიპტოსამრეცხაოდ. რეალურად, უნდა შევცვალოთ ყველაფერი, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ჰქონდეთ მომავალი. მეტი აქტიურობა გვმართებს და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ. ვაქტიურობთ და ამის კონკრეტული მაგალითი იყო ის, რომ გეგონათ, ყრილობაზე დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნახავდით, მაგრამ გაერთიანებული ნახეთ. მიხეილ სააკაშვილი იმ ხალხით არის უკმაყოფილო, რომელიც თავისი პასიურობით არა მხოლოდ აზიანებს საერთო ბრძოლას, არამედ ასუსტებს“, – აღნიშნა ფარულავამ.
კითხვაზე, სააკაშვილის ეს განცხადება ეხება თუ არა ოპოზიციის ალიანსის წევრებს, ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ, „მათ შორის, ალიანსის წევრები იგულისხმებიან“.
„შეგიძლიათ, ნახოთ თქვენი ვიდეოკომენტარები და ნახავთ, რომ იქ არ არიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც, მაგალითად, ალიანსში არიან, იყვნენ პოლიტიკურ პროცესში 2024 წელს, სად გაქრა ეს ხალხი? სად წავიდნენ? ეს ქვეყანა ყველასია და უნდა ვიბრძოლოთ ყველამ. არ შეიძლება, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ამ ბრძოლის წინა ხაზზე“, – განაცხადა ფარულავამ.