1732386875
არ იფიქროთ, რომ ცხოვრება უსამართლოა, ისწავლე სიცოცხლის ფასი… – ია ნანეიშვილის ინტერვიუ არქივიდან
37 წლის ასაკში თითქოს ყველაფრის თქმა მოასწრო როგორც პოეტმა, მაგრამ კიდევ ბევრი დარჩა სათქმელი და დაუწერელი… პოეტი ია ნანეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გასული წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა.
ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში ია ნანეიშვილი ცხოვრებაზე, სიკვდილზე და მარადისობაზე საუბრობს. მას სჯეროდა სასწაულების. იმისიც სჯეროდა რომ ვერაგ დაავადებას დაამარცხებდა, მაგრამ ამ ბრძოლაში დამარცხდა, მასთან ერთად ჩვენც, საზოგადოება…
„მე ვარ ადამიანი, რომელსაც სასწაულების სჯერა. არ იფიქროთ, რომ ცხოვრება უსამართლოა, ერთ დღეს ის ოცნებაც კი შეიძლება ახდეს, რომელზედაც ფიქრობდით, რომ არასდროს შესრულდებოდა. არ იფიქროთ, რომ სიკეთე არ დაგიფასდებათ… არ იფიქროთ, რომ ბოროტება ვინმეს შერჩება!
ოცი წლის წინ სამყაროს ვარდისფერ ფერებში აღვიქვამდი… ოცი წლის შემდეგ (თუ უფლის ნება იქნება) მოვუყვები ჩემს შვილიშვილებს, რომ ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება მშვენიერია… და რომ სამყარო სწორედ ის ფერია, რა ფერშიც ხედავ…
არასოდეს არის გვიანი, ჰკითხო ადამიანს: „როგორ ხარ“? არასოდეს არის გვიანი, უთხრა: „მომენატრე“… არასოდეს არის ზედმეტი, უთხრა: „მიყვარხარ“. ზოგჯერ პატარა დეტალებში გამოხატული გვერდში დგომა და დაფასება უფრო გაბედნიერებს, ვიდრე გრანდიოზული საჩუქრის მიღება. ან რა უნდა აჩუქოს ერთმა ადამიანმა მეორეს სითბოზე ძვირად ღირებული?! ყურადღებაზე სასიამოვნო?! სიყვარულზე მეტად საჭირო?! ზოგჯერ ერთ სიტყვას შეუძლია სიცოცხლის ძალა შეგმატოს და ყველაზე უფერული დღე სიხარულისფრად შეგიღებოს, გაგაბედნიეროს, რომ თავი მთელი სამყაროს მფლობელად გაგრძნობინოს! არასდროს არის გვიანი, ცხოვრება დაიწყო თავიდან…
მოგონებები არის ის, რასაც ვერავინ წაგართმევს. თუ ვერ დაგაფასეს, გული არ დაგწყდეს. ამან ხელი არ შეგიშალოს დასახული მიზნისკენ სწრაფვაში. არც სიკეთის კეთებაზე უნდა აიღო ხელი.
ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა… თანაც სულაც არ არის აუცილებელი, ყველას მოსწონდე. ვინც შენი ფასი არ იცის, ვერასდროს მიხვდება, როგორი ადამიანი ხარ… მხოლოდ მას შეუძლია დაინახოს შენში კარგი თვისებები, ვისაც ის თავად გააჩნია. არასდროს დაივიწყოთ ადამიანები, რომლებმაც სიკეთე გაგიკეთეს.
შვილებო, მშობლებს უთხარით მადლობა ყველაფრისთვის, რისი მოცემაც შეძლეს. უპირველესად კი, მადლობა სიცოცხლისათვის, უპირობო და უანგარო სიყვარულისათვის. ხშირად მოეფერეთ, გულში ჩაიკარით და აგრძნობინეთ, რომ მათ ვერავინ შეცვლის.
მენატრება ის საქართველო, რომელშიც ერთმანეთისადმი სიყვარული უფრო მეტი იყო, ვიდრე სიძულვილი.
არ დაკარგოთ მომავლის რწმენა, უფლისკენ სავალი გზა, იმედი და ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ. ცხოვრება გაიძულებს ბევრ რამეზე თვალი დახუჭო, გაჩუმდე იქ, სადაც მთელი ხმით ყვირილი გინდა და შეეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შეგიძლია.
გულით ვატარებ ყველა იმ ბედნიერ წამს, რომელიც ცხოვრებამ მაჩუქა. წარსული არის გამოცდილება, გაკვეთილი, რომელიც ისწავლე, გამოცდა, რომელიც ჩააბარე. ყველაფრის სწავლა შეიძლება, როდესაც სურვილი დიდია.
როცა ბედნიერი ხარ გრძნობ, რომ ცხოვრება ამ შეგრძნებისთვის ღირს. სამშობლო ჩემთვის არის სისხლი, რომელიც ძარღვებში მიდგას. გული, რომელიც მკერდში მიცემს. წყალი, რომელსაც ვსვამ. ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავ. მიწა, რომელიც მასაზრდოებს. სახლი, რომელშიც ჩემს შვილებს სძინავთ.
ამქვეყნად მოვდივართ იმისთვის, რომ ვაკეთოთ სიკეთე, გავცეთ სიყვარული და სამყარო გავხადოთ იმაზე უკეთესი, თუნდაც მცირედით მაინც, ვიდრე ჩვენამდე იყო.
სიკვდილი სიცოცხლის გვირგვინია. მარადიული რეალობაა, რომლისაც გვეშინია და რომლის წინაშეც ყველა თანასწორი ვართ.
ერთი დღით ვიქნებოდი სიკეთის ელჩი დედამიწაზე. მსოფლიოს ვეტყოდი, რომ სიყვარული გადაარჩენს დედამიწას.
სიყვარულია ის მინდვრის ყვავილი, მიწიდან რომ მოფშვნეტს და სამყაროს გაუცინებს. სიყვარულია, მისი სახელის ხსენებისას გულში ღიმილი რომ გაგიელვებს. სიყვარულია, ლოცვებში რომ იხსენიებ და შენი სახელის წინ მის სახელს ავედრებ. სიყვარულია, წყენას რომ გავიწყებს და პატიებას გასწავლის… და საერთოდ, სიყვარულია, დედამიწას რომ ამოძრავებს, თორემ ვერანაირი ღერძი ვერ გაუძლებდა მის ტარებას…
სიყვარულია ის, რასაც გრძნობ მხოლოდ შენ! სხვისი წარმოდგენები ილუზიაა მხოლოდ და მხოლოდ… სიყვარულია ის, რაც შენთვის უნდა დაიტოვო სულივით. თუ გინდა რომ გადარჩე – გიყვარდეს!
მე მხოლოდ ასეთი სიყვარულის მარადიულობის მჯერა, სამარის კარამდე რომ მიგყვება.
იმედი იმ ერთ წვეთს ჰგავს, წყლის გადმოღვრის შემდეგ ყოველთვის რომ რჩება დოქის ფსკერზე. გულიც ასევე შეიძლება გაიბზაროს, მაგრამ ისე არ დაცარიელდება, სულ ცოტა იმედი რომ არ დარჩეს მასში! სანამ ადამიანი ცოცხალია, იმედი მას არასდროს ტოვებს. ადამიანი მაშინ კვდება, როცა მასში კვდება იმედი!.. შეიძლება რაღაცამ ან ვიღაცამ ვერ გაამართლოს თქვენი იმედი, მაგრამ ეგ არაფერი… ბოლო სიტყვა სამყაროს შემოქმედს ეკუთვნის!
წამმზომი ჩართულია… ნუ გაფლანგავ დროს, მოუფრთხილდი და დააფასე ცხოვრების თითოეული წამი, ისწავლე სიცოცხლის ფასი.
ახალი თაობა ჩვენი მომავალია. ხვალინდელი ნათელი დღეა თავისუფლების ჰაერით გაჟღენთილი თაობაა, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის იმედია. ჩვენი უბედურება ისაა, რომ ერთმანეთის სიხარულით გულწრფელად გახარება არ შეგვიძლია. ბედისწერაა რაც შენი ჩარევის გარეშე ხდება შენსავე ცხოვრებაში, რომლისთვისაც ხელის შეშლა არ შეგიძლია, არც შეჩერება, ჩემი აზრით, არის ბედისწერა.“ – ამბობდა ია ნანეიშვილი.