„არ გინდათ კემბრიჯი... თუ გინდათ ბედნიერები იყოთ, მადლიერება და სინანული ასწავლეთ ბავშვებს" - ანგელოზების მხატვრის რჩევა

keidia

დღეს ვნების კვირის ოთხშაბათია, დღე, როდესაც იუდამ ჩვენი მაცხოვარი გასცა, 30 ვერცხლად გაჰყიდა. მძიმე, გაცემის დღე. მედეა კეიდია, რომელსაც ანგელოზების მხატვრად ვიცნობთ, ფეისბუქზე კეთილ რჩევას გვაძლევს. 

მედეა კეიდია: არ გინდათ კემბრიჯი... არც ენები, ან კომპიუტერი. მადლიერება და სინანული ასწავლეთ ბავშვებს; საკუთარ მაგალითზე დაანახეთ ამ ორი გადამრჩენი სიქველის მნიშვნელობა, არსი - თუ გინდათ ბედნიერი იყოთ და შვილებიც ბედნიერნი იყვნენ; მაგალითად იუდა გვყავს აგერ; საუკეთესო მოძღვრის მოწაფე. უკეთესი, ვერასდროს, ვერავინ იქნება... და მაინც, დაღუპა უმადურობამ, დაღუპა შურმა, დაღუპა სიხარბემ და ეს ყველაფერი სწორედაც უმადურობის წყალობით...

''გმადლობთ''...''მაპატიე''... დიახ, ეს ორი სათნოება: მადლიერება და სინანული ხდის ადამიანს ადამიანად; და ვაი, რომ დღეს, ყველაფრის სწავლაში იხდიან ფულს და ყველაფერზე არიან გადაფიჩინებულნი ამ უმთავრესის მოაზრებისა და ათვისების გარდა. კი, შეიძლება ეს ვიღაცას ბუნებაში უფრო მეტი დოზით ჰქონდეს, როგორც მადლი, ვიღაცას - ნაკლებით, მაგრამ, მონდომების, ძალისხმევის შემთხვევაში, რა არის შეუძლებელი?! თუმცა, ის, რაც მე ასე მარტივი მგონია, თურმე ინტელექტის რაღაც გარკვეულ დონეს მოითხოვს და ნულამდე და ნულს ქვემოთ მყოფთათვის შეუძლებელი კი არა, სულაც ჩინურიაო... და, იკაკანე რამდენიც გინდა!!!

პ.ს. ამიტომ, გაარკვიეთ, რა არის  თქვენთვის პრიორიტეტი: აწეული ცხვირით სიარული (უმეცარი ცხვირით ზეცას წვდებაო) თუ მადლიერებით, სინანულით ცხოვრება.

პ.ს. მადლიერ გულში თავად უფალი სახლობსო... უმადური იუდა კი ვიცით, რა ბედს ეწია. ჰოდა, ძალიან მარტივია არჩევანი, გაიგო: ვისი სული სახლობს შენში, რა ინტელექტის პატრონი ხარ. ხარ მადლიერი - სიხარულში მყოფობ თუ, ყველაფრით უმადური - სულ მჟავე კიტრივით ჩამოგტირის ცხვირ-პირი ყველაფერზე...

პ.ს. დღეს უმადურების, ღალატის დღეა...