„ამის საშუალება მონაწილეებს აქამდე, სხვა ტიპის „რეალითებში“ არ ჰქონდათ...“ - მსოფლიოში ცნობილი თანამედროვე რეალური შოუების ანალოგი „რუსთავი 2“-ზე იწყება

primehouse

დღეიდან, სამი თვის მანძილზე, „რუსთავი 2“-ზე „პრაიმჰაუსის“ ერთმანეთისგან განსხვავებულ მონაწილეებს 23 საათზე უნდა ჩაუსაფრდეთ. შაბათობით კი, ლაივშოუებზე, თითო-თითო გაუშვათ სახლში. ბუნებრივია, ეს არ იქნება საქართველოში ამ დრომდე არსებული არცერთი „რეალითი“ შოუს ანალოგი და იდენტური.

გიორგი ხაბურზანია, ტელეკომპანიის მთავარი პროდიუსერი: „რეალითი“ ჟანრი უკვე ძალიან დიდი ხანია, არსებობს. თუმცა, ის ტრანსფორმაციას განიცდის.  „რუსთავი 2“ იყო პირველი ქართული არხი, რომელმაც პირველი საერთაშორისო რეალითი შოუ დაიწყო და ეს იყო ბევრი წლის წინ. მას შემდეგ, სოციალურმა ქსელმა და ინტერნეტის ეპოქამ ბევრი რამ შეცვალა. ჩვენი ამოცანაა, ციფრული სამყაროსა და სოცქსელის სატელევიზიო ჰიბრიდის გაკეთება. იუთუბერები, ტიკტოკერები შევიყვანეთ რეალით შოუში და ამდენად, ახალ თაობას ტელევიზიით ვაყურებინებთ შოუს.  „პრაიმჰაუსი“ ბევრი ტიპის რეალითი ჟანრის შოუს ელემენტების ნაკრებია. მთავარია „ბიგ ბრაზერსი“, რომლის მიხედვითაც სხვა დანარჩენი რეალითი შოუებია აწყობილი. წლებია, ის არსებობს და დღემდე დიდი ინტერესით გადის მსოფლიოს ნებისმიერ ბაზარზე. ბევრგან ვხვდებით ერთ სივრცეში მცხოვრებ მონაწილეებს. „პრაიმჰაუსი“ „ნეთფლიქსის რეალითის“ - Hype House-ის ელემენტებითაც არის შევსებული.  ეს „რეალითი“ განსხვავებული არის იმით, რომ აქცენტი გაკეთებულია სოციალურ პლატფორმებზე - ტიკტოკზე, ინსტაგრამზე, იუთუბიზე და ფეისბუკზე, სადაც მონაწილეებს გამომწერები, ე.წ. „ფოლოვერები“ ჰყავთ. ამოცანაა, რომ მეტი ნახვები დააგროვონ და ფოლოვერები გაიმრავლონ და ამით სატელევიზიო პროექტიც საინტერესო გახდეს. მონაწილეებს ყოველდღიურად ექნებათ წვდომა ინტერნეტთან, თავიანთ ქსელებთან და გამომწერებთან. დადებენ თავიანთ კონტენტს, ჩართავენ „ლაივებს“, როგორც „პრაიმჰაუსის“ გვერდზე, ასევე - საკუთარზე. ამის საშუალება მანამდე, სხვა ტიპის „რეალითებში“, არ ჰქონდათ მონაწილეებს. მათ ეზღუდებოდათ გარე სამყაროსთან კონტაქტი.

ეს კონკრეტული „რეალითი“ აბსოლუტურად მორგებულია ახალ თაობაზე.

პროექტიდან მონაწილეების გაგდება ხდება კლასიკური მეთოდით. შაბათობით „ლაივშოუზე“ მაყურებლის ხმის მიცემით, მესიჯებითა და მესინჯერით, ხალხს რომ მაქსიმალური წვდომა ჰქონდეს შოუსთან.  ეს არის ღია ფორმატი და მონაწილეებისგან გამომდინარე, შეიძლება რაიმე შეიცვალოს. ისინი არიან მთავარნი თავიანთი შესაძლებლობებით. შოუს ელემენეტები მათ ტალანტებზე იქნება მორგებული. დავამატეთ ჟიური, რაც იქნება ერთგვარი ხიდი მაყურებელსა და მონაწილეებს შორის. მეყურებელი ნელ-ნელა უფრო მეტსა და მეტს გაიგებს მონაწილეებზე.  ასეთი პროდუქტის მოთხოვნა დიდი ხანია, არსებობს. იმედია, მაყურებლის ჩართულობაც დიდი იქნება. ადამიანები ინტერნეტში ერთკაციან „რეალითებს“, ისედაც ყოველდღიურად დებენ. შოუში კი ამგვარი ადამიანები ერთად, ერთ სივრცეში იცხოვრებენ, ინტერაქცია ერთმანეთთან ექნებათ და ამ საქმეს ერთად გააკეთებენ.  ახლა ტელევიზია უნდა დაეწიოს ინტერნეტის ეპოქას. ადრე თუ პირიქით იყო, ახლა ტელევიზიის ამოცანაა, დაეწიოს სოცქსელების თაობას. ჩვენც უნდა შევთავაზოთ ისეთი რამე, რაც ტელევიზიისა და სოციალური მედიის გადაბმა იქნება“.