ამაღამ სვანები თავიანთ ოჯახებში გარდაცვლილებს სულთა სამყაროში გააცილებენ - ლიფანალი სვანეთში

svaneti

ახლა სვანეთში სიჩუმეა, ახლა იქ არავინ ხმაურობს, ძირძველი სვანები თავიანთ ოჯახებში ლიფანალზე მოსულ სულებს მასპინძლობენ. დუმილით, კრძალვით, საგანგებო სამზადისით ხვდებიან იმიერიდან ამიერში მოსულ გარდაცვლილებს. სვანეთში უკვე ერთი კვირაა სიჩუმეა, მონატრებულ აწ გარდაცვლილებს ასე მიაგებენ პატივს.

ხვალ დილას კი, მათ მომავალ წლამდე სასმლით ან რძით გააცილებენ. ცოცხლები გარდაცვლილებს მშვიდობას სთხოვენ და იმ იმედით ემშვიდობებიან, რომ მომავალ წელს, 18 იანვარს ისევ შეხვდებიან, ისევ უმასპინძლებენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. სვანების რწმენით, სწორედ ამ კვირის განმავლობაში, საიქიო და სააქაო სამყარო ერთიანდება, ერთად ცხოვრობენ და ერთმანეთს მფარველობენ...

ამ ტრადიციაზე "პრაიმტაიმი" ელენე ცინდელიანს და ლიკა გუჯეჯიანს ესაუბრა.

ლიფანალი სვანური დღესასწაულია, რომელიც გარდაცვლილთა პატივსაცემად იმართება. ლიფანალი მიცვალებულთა ტაბლობაა. "სულების კვირეული", ეს ტრადიცია სვანეთში უამრავი წელია არსებობს. რიტუალი იწყება ნათლისღების, იგივე წყალკურთხევის წინა დღეს, 18 იანვარს. სვანები ამ დღეებისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან, ლიფანალის წინა დღეს სახლში ყველა საოჯახო ნივთი საგანგებოდ სუფთავდება. ოჯახები ასე ხვდებიან სულებს.

 

18 იანვარს დილიდანვე იწყება სამზადისი, სუფრაზე პირველ დღეს ყველაფერი სამარხვო უნდა იყოს, შემდეგ დღეებში ხსნილია და სულების სუფრაზე ნებისმიერი სასურველი კერძი შეიძლება იყოს.

"სვანებს სჯერათ, რომ ამ დღეებში მიცვალებულთა სულები თავიანთ ოჯახებს სტუმრობენ. 18 იანვარი თუ ორშაბათ დღეს ემთხვევა, მაშინ ლიფანალი 1 კვირა გრძელდება, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც 18 იანვარი კვირა დღეს დაემთხვა და შესაბამისად, ორშაბათს დილით აცილებენ სულებს ანუ მხოლოდ ერთი დღე აღნიშნავენ ლიფანალის. ​ასეთ შემთხვევებში სულები სულები ერთ დღეში ტოვებენ ოჯახის წევრებს, “ლალხორში” მიდიან შაბათ საღამოს და კვირა საღამოს ბრუნდებიან სახლებში.

ოჯახის წევრები სულებს "ლალხორში" წასვლის დროს ეუბნებიან - "მაგ ხოჩაგარ უ ეჯსაზრახ" - ამ სიტყვების თარგმანი ასეთია: ყველაფერი კარგი გადაგეწყვიტოთ ჩვენს ოჯახზე. ლალხორიდან დაბრუნებული სულები ორშაბათს გამთენიისას ტოვებენ ოჯახებს, ამბობენ, როდესაც სულებს აცილებ, უკან არ უნდა მოიხედო, რადგან შეიძლება სული დაინახოო.

ძველად სულების ლანდებს ხედავდნენ თურმე, ყველაზე უფროსი ვინც იყო ოჯახიდან გარდაცვლილი ის შემოუძღვებოდაო და მაგიდის ირგვლივ დადგებოდნენო, წასლისას იმ უხუცესი ადამიანის სული ბოლოს გადიოდაო კარში..

სვანები "ლალხორიდან კვირა საღამოს დაბრუნებულ სულებს, რომლებიც მათი რწმენით კვირას საღამოს სახლებში ბრუნდებიან, თბილ ფაფას - მუთურას ახვედრებენ, რომელიც ტრადიციულად ხორბლისგან მზადდება.

 

"ლალხორ" სვანურად შეკრებას ნიშნავს, სჯერათ, რომ ამ დროს ყველა სული ერთად, ერთ ადგილას იკრიბება, იციან სვანეთში ის კონკრეტული ადგილი, სადაც არის და იქ წყვეტენ სულები მომავალში ვინ უნდა წაიყვანონ იმ ქვეყნადო, ამიტომ ყველა ოჯახი მშვიდობას სთხოვს.

სვანები სულებს თბილად უმასპინძლდებიან და ორშაბათს დილას ადრე კიდევ სულთა პატივსაცემად სუფრა იშლება, სანთლებს ანთებენ და ოჯახის უფროსი შესანდობარს ამბობს, სათითაოდ თითოეულის სახელზე, როგორც ცოცხალ ადამიანებს ისე ჩამოთვლის ყველას და სთხოვს რომ მიირთვან...

სულებისთვის მომზადებული საჭმელი დიდი კრძალვით და სიწმინდით მზადდება. ამ დღეებში განსაკუთრებით ცდილობენ, რომ სულებს ასიამოვნონ.

სულების სახლში ყოფნისას არ შეიძლება სახლის დაგვა, იატაკის დასველება, ასევე არ შეიძლება მათთვის მომზადებული საჭმლის წინასწარ დაგემოვნება, გარკვეული დროის განმავლობაში დაუშვებელია მაგიდასთან დაჯდომა, სანამ სულები არ მიირთმევენო, ასევე მაგიდაზე მინიმალურად გამოიყენება ჭურჭელიც.

ამ დღესასწაულთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდაც. ამბობენ, ერთ ქალს პატარა ბავშვი გარდაცვლია და იმისი ლანდი რომ დაუნახავს მაგიდასთან ვერ მოუთმენია და ჩასახუტებლად მიურბენია და მას შემდეგ იმ სახლში სულები აღარ ჩნდებიანო." - ამ ტრადიციაზე ელენე ცინდელიანი საუბრობს.

როგორ ეპატიჟებიან სვანები სულებს სახლში და როგორ მასპინძლობენ ამიერში იმიერიდან მოსულებს - ამაზე "პრაიმთაიმს" ლია გუჯეჯიანი ესაუბრება.

"ვაცხობთ სულის კვერებს, უზეთო ლობიანებს, სამარხვო რაც არის ყველაფერს. საღამოს, ოჯახიდან ერთი მამაკაცი მიდის კვერებით, სანთლით და სასმლით სასაფლაოზე და შენდობას ეუბნება მიცვალებულებს, თუმცა საფლავზე სასმელს არ გადაუქცევს და ეპატიჟება სახლში ამ სიტყვებით: "მალდიანუ" -მადილ ქორთე ნეტცანდ ბაზი", რაც საალერსო სიტყვებს გამოხატავს.

ამის შემდეგ მოპატიჟე სახლში ბრუნდება, კარს ღიას ტოვებს, სუფრა გამზადებული ხვდება სამარხვო საკურთხით. მეორე დღეს ხოჩა ლიფანე ჰქვია და ხსნილია. შეგიძლიათ საკურთხი ყველანაირი სახით მოამზადოთ.

ლიკა გუჯეჯიანი ამბობს, სულების ყოფნის დროს ბუზის გაფრენას გაიგებდი ჩვენს ოჯახშიო.

"მამა სულ გვარიგებდა, რომ სიჩუმე უნდა ყოფილიყო, ხმაური არ შეიძლებოდა, რადგან სული უსუსური არის და ეშინია, დაფრთხება და არ გაჩერდებიანო. ყველაფერს ზედმიწევნით აკეთებდნენ, რადგან ჩემ საწყალ მშობლებს, პირველი სიხარული, ანგელოზი ბიჭიც გარდაცვლილი ჰყავდათ, ჩემი უფროსი ძამიკო...

მამა ზღაპრებს გვიყვებოდა, ახლობელი გოგო-ბიჭებიც მოდიოდნენ, უყვარდათ ძალიან მამას ზღაპრების მოსმენა. ისეთი ხალისი, მაგრამ ამავე დროს, გულის ამაჩუყებელი იყო ეს ყველაფერი, თითქოს ცოცხლები იყვნენ და თითქოს, მათთან ერთად ყოფნა გვიხაროდა, თითქოს ვუყურებდით და ვხედავდით ყველას და ყველაფერს.

ამ დროს გინდა, რომ ჩაეხუტო, მოეფერო და არსად გაუშვა. თუმცა, ამავე დროს ვერაფერს ხედავ. დედა სულ აცხობდა და ამზადებდა ნაირნაირ საჭმელს საკურთხად. ასე ჩაივლიდა დღეები. კვირა საღამოს მობრძანდებოდნენ ლალხორხენ.

ჩვენ უნდა დაგვეხვედრებინა ფაფა ანუ მუთურა საკურთხი, იგივე გაგ-ფაფა. ღამით, 12სთ-ის შემდეგ ან გამთენიისას, უნდა გაგეცილებინა სულები. ეზოს კარამდე სანთლით და სასმლით  (ცოტა ზეთს და თაფლს ვამატებთ სასმელში) ან რძით ვაცილებთ და ვევედრებით და ვეფერებით, ლოცვითა და შენდობით, რომ თვითონაც ნათელი ჰქონდეთ და ჩვენც მშვიდობის და ბედნიერების ფეხი დაგვიტოვონ.

შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს და ბევრს გამოეცხადნენ თურმე, როგორც ცოცხლები, ერთ შვილმკვდარ დედას უნახავს თავისი შვილი, და გაცილების დროს, დაუჭერია, ჩახუტებია არ უშვებდა თურმე. იმის მერე ის სული არ ეჩვენება არავის.

ასე ვაგრძელებ და ვიცავ ჩვენს ტრადიციებს წინაპრებისგან გადმოცემულს. აწი არ ვიცით, გააგრძელებენ თუ არა ჩვენი მომავალი თაობები. ისინი ჩვენი მფარველი ანგელოზები არიან!" - ამბობს ლია გუჯეჯიანი.