1731519914
„ამ დროშის აფსუურობა აბსურდია...“ - ისტორიკოსი განმარტავს, ვისი დროშა ააფრიალეს სოხუმში გამართულ სახალხო ზეიმზე
აფხაზეთში დროშის დღე აღნიშნეს, სადაც სხვა დროშებთან ერთად ცენტრალურ მოედანზე ქართულ დროშას მიმსგავსებული დროშაც გამოჩნდა. ამ ფაქტს აზრთა სხვადასხვაობა და განხილვები მოჰყვა სოციალურ ქსელში.
საკუთარი მოსაზრება გააზიარა ისტორიკოსმა კახა კვაშილავაც, რომელიც აფხაზეთის ისტორიას იკვლევს.
„ქართული ფეისბუკი ემოციებს ვერ მალავს: აზიარებენ ვიდეოს (წარწერით: აფხაზებმა ქართული დროშა გამოიტანეს!) სოხუმში აფხაზებმა ქართული ეროვნული დროშა გამოიტანეს სახალხო ზეიმზეო.
საქმე იმაშია, რომ გუშინ სეპარატისტებმა აღნიშნეს „ეროვნული დროშის დღე“. შესაბამისად, გაიმართა სახალხო ზეიმი, სადაც ნავსადგურის მიმდებარედ ერთმა ცხენზე ამხედრებულმა „ჯიგიტმა“ ზეაღმართულად ხუთჯვრიანი დროშა შემოიტანა.
ვიდეოზე ჩანს, რომ ზოგიერთი ადგილობრივიც, ან უფრო ტურისტი რუსეთიდან, გარკვეულად, შეცბუნებული შეხვდა ამ „სანახაობას“.
ქართული „ბაბლი“ კი ლამისაა ჩემოდნებს ალაგებს.
ახლა ვნახოთ, რა ხდება?
საქმე იმაშია, რომ 1325 და 1339 წლებში (წელი კარგად დაიმახსოვრეთ, ქვემოთ დაგვჭირდება!!!) გენუელმა კარტოგრაფმა პიეტრო ვესკონტემ და ანჯელინო დულჩერტიმ ცალ-ცალკე შექმნეს პორტოლანები (რუკები ნაოსნობისათვის, სადაც მნიშვნელოვანი ნავსადგურები იყო გამოსახული).
საქართველოს ტერიტორიაზე მნიშვნელოვან ნავსადგურად მონიშნულია სებასტოპოლისი (სოხუმის ერთ-ერთი სახელწოდება ევროპულ წყაროებში), სადაც გენუელებს სავაჭრო ცენტრი (ფაქტორია) ჰქონდათ ორგანიზებული.
ეს საკმაოდ კარგად ცნობილი ფაქტია, თუნდაც ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებიდან. ამიტომ აქ არ შევჩერდები.
ჩვენი ენგურსგაღმელი კოლეგები, რომლებიც ოფლ მოუწმენდავად მუშაობენ საქართველოს ისტორიის გაყალბებაზე და „აფსუური“ ისტორიის შექმნაზე, ამტკიცებენ, რომ ხუთჯვრიანი ალამი საქართველოს ეროვნული დროშა კი არა, არამედ მათია - აფსუურია! ამიტომ, გუშინ სოხუმში გამოიტანეს არა საქართველოს ეროვნული დროშა, არამედ, როგორც თვითონ თვლიან, „ეროვნული აფსუური ალამი“.
ამ დროშის აფსუურობა რომ აბსურდია, ამას სკოლაში ისტორიის საშუალო დონეზე მსწავლელიც კი მიხვდება.
ყველა წყაროში, მათ შორის, იგივე იტალიელების, ნათქვამია, რომ სებასტოპოლისი ქართული ქალაქია და შესაბამისად - ხუთჯვრიანი დროშა ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა!
ზემოთ გთხოვეთ, თარიღი დაგეხსომებინათ კარგად. ჰოდა, ახლა გაიხსენეთ: XIV საუკუნეში საქართველოს ერთიანობა ჯერ კიდევ დაშლილი არაა. ეს ტრაგედია XV საუკუნის მიწურულის მოვლენაა, სამწუხაროდ.
აი, ასეთი პროზაული საფუძველი აქვს ფეისბუკის ქართული „ბაბლის“ პოეტურ ზეაღტკინებას.
ილუსტრაციაზე: ანჯელინო დულჩერტის პორტოლანის ფრაგმენტი (1339 წ.). ,- წერს ისტორიკოსი კახა კვაშილავა.