ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო

თეგეტა

ავტომობილებისა და ინჟინერიის სამყაროს გაცნობა, ექსპერიმენტები და პრაქტიკული გამოცდილება – „თეგეტა აკადემიაში“ ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლის კურსი უკვე დაიწყო. პროგრამა 12-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის შეიქმნა, რომლებსაც აინტერესებთ ავტომობილები, ტექნიკა, მექანიზმები და სურთ, უკეთ გაიგონ, რა დგას მათი მუშაობის უკან.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სხვადასხვა ტიპის ტექნიკას უშუალოდ ეცნობიან, სწავლობენ ავტომობილის აგებულებასა და მუშაობის პრინციპებს, იკვლევენ ძრავის, ელექტრომობილისა და მძიმე ტექნიკის თავისებურებებს. სასწავლო პროცესი ინტერაქციულ და პრაქტიკულ აქტივობებს ეფუძნება: მოზარდები თავად ერთვებიან ტექნიკურ პროცესებში, ატარებენ ცდებს და მიღებულ გამოცდილებას თეორიულ ცოდნას უკავშირებენ.

როგორც „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი ირინა წეროძე აღნიშნავს, საშაბათო სკოლის პროგრამა მოზარდების ინტერესებისა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შეიქმნა. მისი მიზანია, ბავშვებს მისცეს შესაძლებლობა, ადრეული ასაკიდან აღმოაჩინონ ტექნიკური სფეროს შესაძლებლობები, განივითარონ პრაქტიკული უნარები და თავად გამოსცადონ, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ინჟინერია.

ირინა წეროძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „პროგრამის შექმნის საფუძველი სწორედ ბავშვების ბუნებრივი ინტერესები გახდა. 12-14 წლის ასაკში მოზარდების ნაწილს უკვე მოსწონს კონსტრუქციების აწყობა, სხვადასხვა მექანიზმის მუშაობის შესწავლა, ხელსაწყოებთან ურთიერთობა და ავტომობილები. მიუხედავად ამისა, საქართველოში აქამდე არ არსებობდა ისეთი სასწავლო  პროგრამა, რომელიც ამ ბავშვებს საინჟინრო მიმართულებით ინტერესების გაღრმავებისა და შესაბამისი ცოდნის მიღების შესაძლებლობას მისცემდა.

სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ შეიქმნა საშაბათო სკოლა, სადაც მოზარდები უშუალოდ პროფესიონალებისგან რეალურ ტექნიკურ გარემოში ეცნობიან ძრავის, სავალი ნაწილისა და სპეცტექნიკის მუშაობის პრინციპებს. 12-14 წელი ამ გამოცდილების მისაღებად მნიშვნელოვანი ასაკია, რადგან ამ პერიოდში ბავშვებს უკვე მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული აქვთ ინტერესები და შეუძლიათ, უკეთ განსაზღვრონ, რომელი მიმართულება იზიდავთ - ტექნიკური თუ ჰუმანიტარული“.

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლის საპილოტე სემესტრი 9 შაბათს, ჯამში, 27 საათს მოიცავს. სასწავლო პროგრამა რამდენიმე პრაქტიკულ და თემატურ მოდულად არის დაყოფილი:

მექანიკა და ძრავები - გადაცემათა სისტემების აწყობა და შიგაწვის ძრავების მუშაობის პრინციპების აღმოჩენა;

მომავლის ტექნოლოგიები - ეკოლოგია, ელექტრომობილები, სენსორები და ხელოვნური ინტელექტი (AI) ავტომობილებში;

დიაგნოსტიკა და უსაფრთხოება - გაუმართაობის აღმოჩენა მინიშნებებით, დამუხრუჭებისა და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება;

მძიმე ტექნიკა - მოდული „გიგანტების ძალა“, რომლის ფარგლებშიც ბავშვები სპეცტექნიკას გაეცნობიან და სიმულაციურ აპარატსაც გამოცდიან.

გარდა ამისა, ყოველ შეხვედრაზე გაიმართება თამაში „სიტყვების ავტოფარეხი“, რომლის საშუალებითაც მოზარდები ავტონაწილების ქართულ ტერმინოლოგიას შეისწავლიან და ტექნიკურ ლექსიკას გაიმდიდრებენ.

ლაშა ჯუღელი, „ექსელენს ჰაბის“ დირექტორი: „მნიშვნელოვანია, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე გავუღვივოთ ინტერესი ავტოინჟინერიისა და ტექნიკური პროფესიების მიმართ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ მიმართულებით კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. საშაბათო სკოლა მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკული გამოცდილებით აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და სამომავლო პროფესიული არჩევანის შესახებ წარმოდგენა ადრეულ ეტაპზევე შეიქმნან. ამასთანავე, პროგრამა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის მიღებას არ ემსახურება - სასწავლო პროცესში ბავშვები გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარებსაც ივითარებენ.

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა STEM მიმართულების განსხვავებული საგანმანათლებლო პროექტია. მისი მთავარი უპირატესობა პრაქტიკული გამოცდილება და უშუალო შეხებაა მსოფლიო წამყვანი ბრენდების ტექნიკასთან და დარგის სპეციალისტებთან. მონაწილეებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Porsche, Lamborghini, Toyota, Volvo, JCB და MAN, მოინახულონ სერვისცენტრები და ადგილზე დააკვირდნენ სამუშაო პროცესს. ტრადიციული თეორიული სწავლებისგან განსხვავებით, პროგრამა ბავშვებს „თეგეტას“ ინფრასტრუქტურასა და სპეციალიზებულ სივრცეებში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ვფიქრობთ, ასეთი გამოცდილება მათთვის განსაკუთრებით საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება“.

კურსის მონაწილეებს „თეგეტა აკადემიის“ ტრენერები, Top Master-ები და ტექნიკური ექსპერტები ასწავლიან. პროგრამის თითოეული მოდული აკადემიის გამოცდილმა ტრენერებმა შეიმუშავეს, რომლებმაც მოზარდებთან მუშაობისთვის სპეციალური მომზადება გაიარეს. პრაქტიკულ შეხვედრებში, ბავშვებთან ერთად, სერვისცენტრების სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.

„სასწავლო მოდულების შემუშავებაში „თეგეტა აკადემიის“ განათლების სპეციალისტი და გამოცდილი ტრენერები მონაწილეობდნენ, რომლებიც ზრდასრულთა პროფესიულ მომზადებაზეც მუშაობენ. მოზარდებთან სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით მათ დამატებითი, სპეციალიზებული ტრენინგი გაიარეს. ამასთანავე, პროგრამის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, ბავშვებს თითოეულ სერვისცენტრში დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტებიც გაუზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას“, - აღნიშნავს ირინა წეროძე.

„თეგეტა აკადემიაში“ სწავლა 31 ოქტომბერს დაიწყო. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები ბრენდირებულ Tegeta Young Engineer Passport-ს მიიღებენ, რომელიც საშაბათო სკოლის გავლის დამადასტურებელი იქნება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

✕