ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე პროექტის გახსნის ღონისძიება გაიმართა

ღონისძიება

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) და შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ეროვნული  ტრენინგები იწყება. სწავლებას ითვალისწინებს პროექტი „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით“, რომლის მიზანი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და პროფესიონალთა გადამზადებაა.

ტრენინგები გამომძიებლების, პროკურორების, შრომის ინსპექტორების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და მსხვერპლებთან მომუშავე პერსონალისათვის ჩატარდება და დაეხმარება მათ პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებაში, რაც ხელს შეუწყობს ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის დროულ გამოძიებას, დამნაშავეთა დასჯასა და მსხვერპლთა ეფექტიან რეინტეგრაციას საზოგადოებაში.

საქართველო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა რეგიონში, სადაც აღნიშნული ტრენინგი ინერგება. პროექტის განხორციელება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტულობას ჩვენს ქვეყანაში. ამ მხრივ საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია საერთაშორისო დონეზე.

ტრეფიკინგის თემაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო 2021 წლის ანგარიშით საქართველო ევროკავშირისა და დასავლური ევროპის არაერთი ქვეყნის გვერდით კვლავ ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში და აკმაყოფილებს ამ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ, გასული წლების მსგავსად, 2021 წლის ანგარიშშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის მხოლოდ საქართველო მოხვდა რეიტინგული სკალის უმაღლეს საფეხურზე.

საქართველოს წარმატება ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომელსაც იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო ახორციელებს.

პროექტი „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით“ დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა გახსნა. ღონისძიება ესწრებოდნენ ადამიანით ვაჭრობის საკითხებში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი და კოორდინატორი, ბატონი ვალიანთ რიჩი; საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოადგილე, ბატონი ურს ბიირი; ასევე, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები