2022 წლის პირველ კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ 98.7 მილიონი ლარის პროდუქციაა გაყიდული - საქსტატი

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 104 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.2 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 18.3 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 14.4 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 12.5 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 11.5 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი 24.0 პროცენტი – სხვა რეგიონებშია განთავსებული.

ამასთან, საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში სასაკლაოებში დაიკლა 88.6 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 41.6 პროცენტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 38.1 პროცენტი – ღორი, ხოლო 7.7 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი 12.6 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 495.3 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

უწყების მონაცემებზე დაყრდნობით, სასაკლაოების მიერ 2022 წლის პირველ კვარტალში 12.0 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 33.8 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 45.3 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 19.9 პროცენტი – ღორის ხორცზე, 0.8 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

„სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 108 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 31.0 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 13.2 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 26.5 ლარი. გარდა ამისა, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 197 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც, 66.5 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქსტატის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მაცივრებში შენახული იყო 63.1 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 40.4 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 16.1 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 15.8 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 21.6 პროცენტი – თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 98.7 მლნ. ლარის ღირებულების, 21.1 ათასი ტონა პროდუქცია. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 3.2 მლნ. ლარი შეადგინა.