რომელი პროდუქტის წარმოება შემცირდა/გაიზარდა - საქსტატი მონაცემებს აქვეყნებს

პროდუქტები

2022 წლის I კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც მეცხოველეობის შესახებ 2022 წლის პირველი კვარტლის შედეგებს მოიცავს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 468.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებლის ტოლია.

„ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.6 პროცენტით შემცირდა და 987.0 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 170.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.2 პროცენტით შემცირდა და 10.3 მილიონ ფრთა შეადგინა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 112.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია.

„ხორცის წარმოებამ 16.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 5.7 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 165.5 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.4 პროცენტით ჩამორჩება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.