1731614151
„ყველას ვერ ჩააყუდებთ“ – ალექსეი ნავალნის სიტყვა სასამართლოზე
15 მარტის სასამართლო სხდომაზე ალექსეი ნავალნი სიტყვით წარსდგა.
„მძულს თქვენი ხელისუფლება და მეზიზღება თქვენი სასამართლო სისტემა. შეუძლებელია, ის არ გეზიზღებოდეს. ნუთუ თქვენთვისვე არ არის დამამცირებელი, თამაშობდეთ მოსამართლეებსა და პროკურორებს, სინამდვილეში კი წარმოადგენდეთ მოწყობილობას, რომელიც არსებობს მხოლოდ იმის გადმოსაცემად, რასაც ტელეფონით ეტყვიან?
ბევრს გავიღებდი თქვენი ფიქრების გასაგებად, თქვენო ღირსებავ. მაინტერესებს, გაქვთ კი რაიმე სახის შეგრძნება - "ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ"? ასე იფიქრა [ბრალდების მოწმემ] გოროჟანკომ და თქვა აქ სიმართლე.
რატომ ჩათვალეთ, რომ ეს განუკითხაობა სულ იქნება? ფიქრობთ, რომ ან მე შემეშინდება ან დააშინებთ საერთოდ ყველას, მაგალითად ისეთს, როგორიცაა შესანიშნავი [პირველი არხის თანამშრომელი] მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც არა მხოლოდ გამოვიდა - ვიდეოც ჩაწერა და მთავარი სათქმელი გვითხა: იმოქმედეთ.
ყველას ვერ ჩააყუდებთ. თავისუფლების აღკვეთის 113 წელიც რომ მოითხოვოთ, ნება თქვენია - თქვენ ვერც მე და ვერც ჩემნაირებს ვერ შეგვაშინებთ. რუსეთი დიდია, აქ ცხოვრობს ბევრი ადამიანი და ყველა არ არის მზად, უღალატოს საკუთარსა და საკუთარი შვილების მომავალს ისეთივე სიმხდალით, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ...
ჩვენი ქვეყნის დაშლის მანტრა სულ უფრო დამაჯერებელი ხდება. იქ სხედან ჭკუიდან შეშლილი ბაბუები. ისინი არავის და არაფერს დაინდობენ. რაც მთავარია, მათ ეს ქვეყანა არ ეცოდებათ. მათი სამშობლო - შვეიცარიული ანგარიშია. როგორც უნდა იბრალებდნენ პატრიოტიზმს - ვიცით, რომ ეს მითია. და ჩვენთვის ყველასთვის ეს გრანდიოზული საშიშროებაა. სინამდვილეში, ძალიანაც გასაგებია, რა უნდა ვქნათ. ახლა ყველას ვალია - ვებრძოლოთ ომს. ნათქვამია: ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი.
უმჯობესია, ღვთის თავისუფალი კაცი იყო, ვიდრე პუტინის მონა, რომელიც ჯოჯოხეთში ეშმაკის კერძად იქცევა" - თქვა ნავალნიმ.
ცნობისთვის. რუსეთის პროკურატურა ითხოვს, სასამართლოს უპატივცემულობის და თაღლითობის საქმეებზე ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 13 წლით კოლონიაში პატიმრობა და 1.2 მილიონი რუბლი ჯარიმა მიესაჯოს.