ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება

საავადმყოფო

ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრი, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი, 37 წლის გელა ისაშვილი, თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, სედაციური ძილის ქვეშ იმყოფება.

ექიმების განმარტებით, ისაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

„პაციენტს აქვს ბასრი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობები მუცლის, გულმკერდის, კისრისა და თავის არეში. ჩატარდა ქირურგიული ოპერაციები, სედაციური ძილის ქვეშ არის, მართვით სუნთქვაზე, ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მდგომარეობის არც გაუმჯობესება და არ გაუარესება არ შეინიშნება. სტაბილურად მძიმეა"- განაცხადეს საავადმყოფოში.

გელა ისაშვილისათვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ. ამ დრომდე, არც ისაა ცნობილი, ვინ მიაყენა მას მრავლობითი ჭრილობები.

შეგახსენებთ, მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 18 ნოემბერს, ღამით მოხდა.

კონფლიქტი ნათესავებს შორის, სუფრასთან დაიწყო და სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.

მოკლულია 25 წლის გიგა არჯევნიშვილი, რომელსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.