ყვარელში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალებია ცნობილი

პოლიცია

ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის მხარეები შორეული ნათესავები არიან.

ყვარლის მუნიციპალიტეტში მოკლული მამაკაცი სოფელ ენისელში მცხოვრები, 25 წლის გიგა არჯევნიშვილია.

ცნობილია მამაკაცის ვინაობაც, ვინც არჯევნიშვილი სავარაუდოდ, სასიკვდილოდ გაიმეტა. ის, სოფელ შილდაში მცხოვრები, 37 წლის გელა ისაშვილია, რომელიც წარსულში ნასამართლევია.

მკვლელობა სოფელ შილდაში, ერთ-ერთ ოჯახში ქეიფის შემდეგ მოხდა, სადაც მამაკაცებს შორის კონფლიქტი დაიწყო.

ხელჩართული ჩხუბის დროს, ისაშვილმა არჯევნიშვილს რამდენიმე ჭრილობა დანით, მათ შორის, ყელის არეში მიაყენა.

გარდაცვლილი ახალგაზრდა, სოფელ ენისელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.

გარდაცვლილის მამის განმარტებით, მან მომხდარის დეტალები არ იცის და მკვლელობის შესახებ, სამართალდამცავებისგან შეიტყო.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება სავარაუდო ბრალდებულიც, რომელიც პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

მას სხეულზე დაზიანებები აქვს და შესაბამისი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი