1732276666
„ბევრი უსაშინლესი ტრაგედია გადავიტანე, მაგრამ ცოლის დაკარგვა ყველაზე მძიმე დარტყმა იყო...“ - ნოდარ ნათაძის უკანასკნელი ინტერვიუ
ქართველ პოლიტიკოსს, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერსა და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარეს, ენათმეცნიერ ნოდარ ნათაძეს, რომელიც 13 ნოემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, უკანასკნელ გზაზე დღეს გააცილებენ და საყვარელი მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
გთავაზობთ ამონარიდს 2017 წლის ინტერვიუდან, რა დროსაც ნათაძე „სარკეს“ მეუღლის დაკარგვისგან გამოწვეულ ტკივილზე ესაუბრა.
ნოდარ ნათაძე: - ცოლი მყავდა ჩემზე 8 წლით უმცროსი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემზე ადრე წავიდოდა ამ ქვეყნიდან. უცებ კიბო აღმოაჩნდა. ძალიან დიდი ტრავმა მივიღე. ბევრი უსაშინლესი ტრაგედია გადამიტანია, მაგრამ ეს ყველაზე მძიმე დარტყმა იყო და ძალიან განვიცადე. 57 წელი გადავიტანეთ ერთად, ახლა კი ის წავიდა...
სულ ტანჯვაში ვიყავით. მუდამ რაღაც ხდებოდა - ავადმყოფობა, უბედურება, მე და ჩემი ცოლი ერთად ვებრძოდით საშინელ პრობლემებს.
- რა პრობლემებზეა საუბარი?
- არ მინდა ამ თემებზე ლაპარაკი, კაცისგან რჩება მისი შთამომავლობა და მისი საქმე. სხვა არაფერია საინტერესო.
ერთ-ერთი მძიმე დარტყმა ის იყო, რომ ჩემს ხელში გაზრდილი ძმის შვილი დამეღუპა. უნიჭიერესი კაცი იყო და ეს ამბავი ძალიან განვიცადე. ბავშვების აღზრდაშიც სიძნელეები გვქონდა. აუარებელი შრომა და მსხვერპლი გავიღეთ. ტყუპები არიან ჩემი ბიჭები. მე და ჩემი დაც ტყუპები ვართ. ტყუპების გაზრდა ძალიან ძნელია, მუდამ გვიჭირდა. სამსახური კი გვქონდა, მაგრამ არ გვყოფნიდა.
ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოლიტიკოსს, ლიტერატურათმცოდნე და ენათმეცნიერს დღეს დაკრძალავენ.