ყალბი პირადობისა და მართვის მოწობა 1250 ევროს სანაცვლოდ - თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი

ყალბი პირადობები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებზე, სისტემატურად ამზადებდნენ და ასაღებდნენ პირადობის დამადასტურებელ ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს. 

ბრალდებულები დაკავებულ იქნენ ერთ-ერთ პირზე საქართველოს მოქალაქის ყალბი მართვის მოწმობისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობის 1 250 ევროს სანაცვლოდ გასაღების ფაქტზე.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქეების პირადობის მოწმობები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-იდან 6 წლამდე ვადით.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.