იმედია, საქართველო გახდება სწორედ იმ ევროპის ნაწილი, რომელიც დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება და, რომლისთვისაც გამოსავალი იქნება დიალოგი და არა კარის მიჯახუნება - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

იმედია, საბოლოო ჯამში, ევროპა კრიზისიდან გამარჯვებული, უფრო ძლიერი გამოვა და საქართველო გახდება ნაწილი სწორედ იმ ევროპის, რომელიც დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება, პატივს სცემს განსხვავებულ აზრს და არ გაიბუტება პატარა ბავშვივით, იმ ევროპის, რომლისთვისაც რთული მდგომარეობიდან გამოსავალი შეიძლება, იყოს დიალოგი და არა კარის მიჯახუნება, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა.

მახაშვილის თქმით, ბუდაპეშტში გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე შეიძლება, ითქვას, რომ ევროკავშირში ჩანს კონტურები, რომ დამოკიდებულება შეიცვლება, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში.

მახაშვილის განცხადებით, დღეს ევროპის მთავარი გამოწვევაა, რომ ეკონომიკურად, სამხედრო და პოლიტიკური გავლენების თვალსაზრისით, საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია.

„ჩვენ გასული ორი დღის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კანდიდატი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტის ფარგლებში. მთავარი თემა საუბრების იყო ევროპის მომავალი. მინდა, გაგიზიაროთ ჩვენი დაკვირვებები აღნიშნული კონფერენციიდან. დღეს ევროპის მთავარი გამოწვევა არის, რომ ის ეკონომიკურად, სამხედრო და პოლიტიკური გავლენების თვალსაზრისით საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით მსოფლიოს სხვა ძალებთან შედარებით. მსოფლიოში ყველაზე დიდი ომი სწორედ მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და გამოსავალიც ჯერჯერობით არ ჩანს. მთავარი ღირებულებითი კავშირის ევროკავშირის წევრი ქვეყნების აშკარად დასუსტებულია, რაც მას კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს და ჩვენ ეს ნათლად დავინახეთ, მათ შორის ამ კონფერენციის მიმდინარეობისას. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე ცვლილებებს ევროკავშირი, ან თავად მართავდა, ან შორიდან ადევნებდა თვალს. ახლა კი, თავად ევროკავშირი მოიცვა ცვლილებებმა. კერძოდ, წევრ  ქვეყნებში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ძალები, რომლებიც ანგრევენ ათწლეულების განმავლობაში მოქმედ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. აქამდე კონსერვატიულ იდეოლოგიას უარყოფდნენ და პოლიტიკური სცენიდან რიყავდნენ. ახლა კი, ამ ადამიანების რაოდენობამ და გავლენამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ ევროპაში ახლად აღორძინებული კონსერვატიზმის იგნორირება და კრიტიკის მიუღებლობა აღარ იძლევა შედეგებს. როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის ერთ-ერთმა პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დემოკრატიისთვის ბრძოლის სახელით, მათი ხმების ჩახშობის მცდელობა გადაიზარდა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და დაზიანებაში“, – განაცხადა მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დიდი ხანია, რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები ცდილობენ, უგულებელყონ, ჩაახშონ და შეურაცხყოფა მიაყენონ ეროვნულ ხალხის ხმას.

„მათ ეს არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ. დღეს რომ ამ დარბაზის ნაწილი ცარიელია, ამის ძალიან კარგი დამადასტურებელი ფაქტია. საქართველოში მათ წააგეს ეს ბრძოლა საკუთარ ხალხთან და საკუთარ ქვეყანასთან. იმედია, საბოლოო ჯამში ევროპა ამ კრიზისიდან უფრო გამარჯვებული, ძლიერი გამოვა და საქართველო გახდება ნაწილი სწორედ იმ ევროპის, რომელიც დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება, იმ ევროპის, რომელიც  პატივს სცემს განსხვავებულ აზრს და არ გაიბუტება პატარა ბავშვივით, იმ ევროპის, რომლისთვისაც რთული მდგომარეობიდან გამოსავალი შეიძლება, იყოს დიალოგი და არა კარის მიჯახუნება. ჩვენი ორმხრივი შეხვედრებიდანაც მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროკავშირში ნელ-ნელა ამის კონტურები იკვეთება. დარწმუნებულები ვართ, რომ საღი აზრი აქაც გაიმარჯვებს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში“, – აღნიშნა მახაშვილმა.