პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ტერორიზმში დამნაშავედ ცნობილი პირები, პანკისის ხეობის სოფლების, დუისისა და ქორეთის მცხოვრებლები არიან.
გამოძიება, ხუთივე მსჯავრდებულს, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ედავებოდა.
დაკავების დროს სამი პირი 18 წლის, ერთი 19-ის, ხოლო ყველაზე უფროსი, უსუფ ცათიაშვილი, 38 წლის იყო.
საქმის მასალების მიხედვით, დაკავებული ადასტურებდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირია.
გამოძიება ამტკიცებდა, რომ უსუფ ცათიაშვილმა გააწევრიანა ტერორისტულ ორგანიზაციაში რამაზ ქავთარაშვილი, ჰამზათ ბაღაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი და მაგამედ მაჩალიკაშვილი.
პროკურატურის განმარტებით, დადასტურდა, რომ ცათიაშვილმა, რომელიც გაერთიანებული იყო უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე.
ახლადგაწევრიანებული პირები, სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლას გეგმავდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ უსუფ ცათიაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დანარჩენი ოთხი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
შეგახსენებთ, ხუთივე მსჯავრდებული, პანკისის ხეობის სოფლებში, დუისსა და ქორეთში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 2021 წლის 24 აგვისტოს დააკავა.
მოგვიანებით, გამოძიებამ ვიდეო და აუდიო მასალის ნაწილი გაავრცელა, რომლითაც დგინდებოდა, რომ დაკავებულებმა, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი დადეს.