ვაკვირდებოდით საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად როგორ უზრუნველყოფდნენ მძევალთა უსაფრთხოებას - პაპუაშვილის მადლობა სამართალდამცველებს

პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ჩატარებული წარმატებული ღონისძიებისთვის პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

მისივე შეფასებით, პოლიციელებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყვეს მძევლად აყვანილი მოქალაქეების უსაფრთხოება.

„რაც გუშინ ვიხილეთ, ჩვენი პოლიციელების ქცევა, ჩვენ, მთელი მოსახლეობა ვაკვირდებოდით, რომ მათ შორის საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, როგორ უზრუნველყოფდნენ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უსაფრთხოებას და საბოლოო ჯამში, ამ საკითხის ასე დასრულებას. ეს იყო ის, რაც ჩვენ კონცენტრირებულად, რამდენიმე საათის განმავლობაში ვნახეთ. ყოველ მათ ასეთ გმირობას შეიძლება ვერ ვამჩნევდეთ, ვერ ვხედავდეთ, მაგრამ ეს არის მათი ყოველდღიური საქმიანობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციას მათი საქმიანობისთვის და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. გრიგოლ ნარსია ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. იმერეთის სამხარეო პოლიციაში კი, მძევლების გამოკითხვები დილიდან განახლდა.

ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს, დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ასევე ნახეთ: კადრები რომლებიც არ გასაჯაროებულა - რა ხდებოდა მძარცველის აყვანის მომენტში