ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
დიდ დიღომში 12 წლის შვილის გარდაცვალების საქმის მასალებზე წვდომა ნატო ხუტაშვილმა 6 აპრილს, მას შემდეგ მოიპოვა, რაც პროკურატურამ ის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. იმ დღიდან მოყოლებული, ანი იანუშაიტიტეს დედა გამოძიების პარალელურად, საკუთარი ძალებით ცდილობს დაადგინოს სიმართლე, რომელიც მისთვის ერთადერთია - ანი მოკლულია.
„რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა დედის კომენტარი სადაც ამბობს, რომ დაუკავშირდა ახალგაზრდა, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ამ საბაბით გამოაქვეყნა რამდენიმე დღის წინ მან საკუთარ სოციალურ ქსელში ორი ფოტო, რომელზეც ანის დედის თქმით, ის პირები იყვნენ აღბეჭდილები, რომლებსაც შესაძლოა, რაიმე ინფორმაცია ჰქონოდათ მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე, რადგან ისინი გარე, სათვალთვალო კამერებმა სწორედ იმ ტერიტორიის სიახლოვეს დააფიქსირეს, სადაც უგონოდ მყოფი ანი იპოვეს.
სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ფოტოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ამ პირებს ეძებდნენ სამართალდამცველებიც. ფოტოების ქვეშ დაწერილი კომენტარების თანახმად, დიდ დიღომში, იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც ანი იპოვეს, რამდენიმე ხნის წინ, სამართალდამცველები მოსახლეობის გამოკითხვით ცდილობდნენ ფოტოზე აღბეჭდილი პირების ვინაობის დადგენას.
ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილი ახალგაზრდა თავად დაუკავშირდა ანის დედას:
„მითხრა, რომ ფოტოზე ნამდვილად ის იყო და იმ საღამოს რამდენიმე მეგობართან ერთად გაიარა სწორედ იმ ტერიტორიაზე, თუმცა, მას არანაირი ხმა არ გაუგია. მითხრა, აუცილებლად დაგეხმარებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი საეჭვო ხმა არ გაგვიგიაო. ოთხი მეგობარი იყო ერთად, ხმაურით მიდიოდნენ, მეგობარს აცილებდნენ“.
გარდა ამისა, რადიო თავისუფლება წერს, რომ ანი იანუშაიტიტეს ლიეტუვისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ამიტომ, ანის გარდაცვალების საქმე მაშინვე მოექცა ლიეტუვის გენერალური პროკურატურის ინტერესის არეალში.
ლიეტუვური მედია-პორტალის Delfi.lt-ის ინფორმაციით, ლიეტუვის გენერალური პროკურატურა ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.
პორტალმა ლიეტუვის გენერალური პროკურატურისგან გამოითხოვა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ „ლიეტუვის მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, ლიეტუვის გენერალური პროკურორი, ნიდა გრუნსკენე დაუკავშირდა საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და გამოძიების დეტალებით დაინტერესდა“.
მედია-პორტალის ცნობითვე, რომელიც ლიეტუვის პროკურატურიდან გამოთხოვილ ინფორმაციას ეყრდნობა, „მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრებმა გამოთქვეს გარკვეული ეჭვები გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა, ბავშვის ოჯახის წევრების თხოვნის საფუძველზე, დაუკავშირდა ლიეტუვის პროკურორს და მიმართა თხოვნით, რომ საქმეში ჩართულიყვნენ ლიეტუველი ექსპერტები“.