დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ბავშვის დედას და ადვოკატებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი 28 აპრილს გადაეცათ.
ორგანიზაციაში „უფლებები საქართველო“ აცხადებენ, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას, რის შემდეგაც „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები საგამოძიებო უწყებას მიაწვდიან იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელთა დასმის საჭიროებასაც დაინახავენ დამატებითი ექსპერტიზის მიზნებისათვის.
„ამ ეტაპზე, ცალსახად იკვეთება კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია.
ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, რომელთა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. საქმის გარემოებების სრულფასოვანი შეფასება აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების შემდეგ გახდება შესაძლებელი“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"შვილი მომიკლეს, დამნაშავე თავისუფალია, ექსპერტიზის პასუხები დაუსრულებლად არ მოდის. ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია" - წერს ნატო ხუტაშვილი.
„ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ გოგონამ საკმაოდ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე. დაზიანებები მრავლობითია, თითქმის მთელს სხეულზეა.
არის სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომელიც არის სიცოცხლის დროინდელი და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე არის მიყენებული.
რაიმე მკრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული დაზიანებები. საჭიროა გამოძიების წინაშე დაისვას ძალიან კრიტიკული კითხვები და დაინიშნოს კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც გასცემს პასუხს კითხვას, თუ რა ვითარებაში მიიღო დაზიანება პატარა გოგონამ“, - ამბობს ადვოკატი ელისო რუხაძე.
ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.