პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ბავშვის დედას და ადვოკატებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი გადაეცათ.
ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას, რის შემდეგაც „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები საგამოძიებო უწყებას მიაწვდიან იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელთა დასმის საჭიროებასაც დაინახავენ დამატებითი ექსპერტიზის მიზნებისათვის.
„ამ ეტაპზე, ცალსახად იკვეთება კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია.
ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, რომელთა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. საქმის გარემოებების სრულფასოვანი შეფასება აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების შემდეგ გახდება შესაძლებელი“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„პრაიმტაიმი“ ადვოკატ ელისო რუხაძეს ესაუბრა.
„რეალურად, სიკვდილის მიზეზი არის მექანიკური ასფიქსია, თუმცა, ეს არ ცვლის ვითარებას, რომ ბავშვი არის მოკლული. ასფიქსია გამოიწვია იმ წინაღობამ, რის გამოც საკვები გადავიდა სასუნთქ გზებში.“ - ამბობს ადვოკატი.