ტრეფიკინგის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს სისხლის სამართლის მკაცრი პოლიტიკა - გიორგი გაბიტაშვილი

გიორგი გაბიტაშვილი

ტრეფიკინგის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს სისხლის სამართლის მკაცრი პოლიტიკა და აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პრაქტიკა. ასევე მნიშვნელოვანია, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების გამოყენებით, ტრეფიკინგთან დაკავშირებული პირების მხილების პოლიტიკა გაატაროს, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიშით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით მსოფლიოს მასშტაბით, 186  ქვეყანას შორის  უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს „პირველ კალათაში“ 33 ქვეყანასთან ერთად. 

მისი თქმით, მომავალში  ყურადღება უნდა გამახვილდეს შრომით ტრეფიკინგზე, მათ შორის ბავშვთა შრომითი ტრეფიკინგის შემთხვევებზე. ასევე მნიშვნელოვანია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს ტრეფიკინგის მახასიათებლების კვლევა, როგორიცაა: დანაშაულის მიზეზები, ექსპლუატაციის ფორმები, ტერიტორიული განფენილობა და სხვა. 

როგორც გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა,  პროკურატურამ, საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, დევნისთვის აუცილებელი სტანდარტის უზრუნველსაყოფად და მტკიცებულებათა მოპოვების თანამედროვე მეთოდების დასანერგად, აქტიურად უნდა გააგრძელოს ტრეფიკინგის მახასიათებლების კვლევა.