თითქმის ერთწლიანი დავა „რუსთავი 2-ის“ საქმეზე დასრულებულია - სააპელაციო სასამართლომ აქიმიძის და დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა

რუსთავი 2

თითქმის ერთწლიანი დავა „რუსთავი 2-ის“ საქმეზე დასრულებულია. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მეორე ინსტანციამ ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მოსამართლეთა სამკაციანმა კოლეგიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

„ჩვენ სამართლიანობას ვეძებთ, მაგრამ უშედეგოდ ამ ქვეყანაში, იმ ხელისუფლების დროს, ამ ხელისუფლების დროს... აქედან გამომდინარე, მოულოდნელი არაფერი არ იყო. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევწყვეტთ და წავიღებთ შემდეგ ინსტანციაში გასასაჩივრებლად და იქაც თუ იგივე დადგა, მერე უკვე საერთაშორისო საზოგადოებას მივმართავთ. ვითხოვთ ჩვენი წილის, „რუსთავი 2-ის“ 60%-ის, ჩემი და ჯარჯი აქიმიძის წილის დაბრუნებას“, - აცხადებს დავით დვალი.

ფინალურ სხდომას მხოლოდ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დაესწრო. მხარეებს დასაბუთებული გადაწყვეტილება 30-დღიან ვადაში ჩაბარდებათ.

„დასაბუთებული გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ჩაგვაბარებენ 30 დღის ვადაში. ჩვენთვის საინტერესოა, ასევე, როგორ შეაფასებს სააპელაციო სასამართლო ჩვენს არგუმენტაციას ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რომელიც განსხვავებულად იყო მიღებული პირველი ინსტანციის მიერ და არ დააკმაყოფილა ამ ნაწილში ჩვენი პოზიცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოწინააღმდეგე მხარე გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან, თვლიან, რომ აქ მათი უფლება სამართლიან სასამართლოზე ირღვევა, თუმცა ვერ გეტყვით, რომელი უფლება ვერ გამოიყენეს მათ, ან რაში გამოიხატება მათი უფლებების დარღვევა, პირიქით, ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდათ“, - აცხადებს პაატა სალია.