თბილისში, დაკარგული მოზარდები იპოვეს
28 წუთის წინ
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
რვა ბრალდებულიდან მხოლოდ ერთმა, ინსაფ ალიევმა განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს, დანარჩენებმა კი აღნიშნეს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატის, ელგუჯა ავსაჯანიშვილის განცხადებით, დღეს მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან. მისი თქმით, არსებითი განხილვის სხდომა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ვადების დარღვევით ჩანიშნა. მისი განმარტებით, შვებულების არგუმენტით, კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში სხდომა არ ჩანიშნულა. გარდა ამისა, ადვოკატებს შენიშვნა აქვთ დარბაზთან დაკავშირებითაც. მათი განმარტებით, რვაპირიანი საქმისთვის მესამე დარბაზი პატარაა და გულშემატკივრები სრულად ვერ ესწრებიან. ამასთან მათი თქმით, ადვოკატებს ნაწილობრივ ეზღუდებათ საქმიანობის შესრულება.
პროცესს პატიმრების ოჯახის წევრებიც ესწრებიან, რომლებიც დაკავებას პოლიტიკურს უწოდებენ.
ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ბრალი 225-ე მუხლით ედებათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. ისინი 2024 წლის დეკემბერში დააკავეს.