საქალაქო სასამართლო ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლო

საქალაქო სასამართლო ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეს განიხილავს. პროცესზე აღკვეთის ღონისძიების, - პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობენ.

ერთ-ერთი შუამდგომლობა, რომელიც ადვოკატებმა სასამართლოზე დააყენეს, ეხებოდა სასამართლო დარბაზის გამოცვლის საკითხს რადგან, მათი თქმით, ბრალდებულების ახლობლები დარბაზში ვერ ეტეოდნენ. შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რასაც მცირე ხმაური მოჰყვა.

უფლებადამცველებმა მოსამართლის, ირაკლი ხუსკივაძის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა.

ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ წარდგენილი მტკიცებულებები არადამაჯერებელია და დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს არ ქმნის.

"ზვიად ცეცხლაძის საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომელიც დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ არ არის პირდაპირი ხასიათის და არ არის დამაჯერებელი, რომელიც შექმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს და მით უმეტეს, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენისთვის სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს არ ქმნის და, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ზვიად ცეცხლაძე არის უდანაშაულო," - აცხადებს ადვოკატი დავით ჭიკაიძე.

ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ სასამართლოს წინასწარი პატიმრობის ალტერნატივის სახით შესთავაზებს როგორც გირაოს, ასევე სხვა დამატებითი აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებას.  "ალტერნატივის სახით შევთავაზებთ ნებისმიერი სხვა ღონისძიების გამოყენებაა, მათ შორის, გირაოს და ნებისმიერ დამატებით ღონისძიებას, დაწყებული ელექტრონული მეთვალყურეობით, დამთავრებული პოლიციის შენობაში გამოცხადებით და ნებისმიერ სხვა ზომას, რაც შეიძლება სასამართლომ საჭიროდ ჩათვალოს," - აცხადებს ადვოკატი. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებული შეუძლოდ გახდა, რის გამოც 15 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ დაკავებულებიდან სამს: ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან, 5 მათგანს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.