1734018035
სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა... - ვარკეთილში 2 მეგობრის მკვლელობისთვის 44 წლის კაცი დააკავეს
თბილისში, ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის გამო 44 წლის კაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრებ 1985 წელს დაბადებულ ბ.ბ. -ს და მის მეგობარს 1984 წელს დაბადებულ ნ.ა. -ს სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ი.კ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს," - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, სისხლიანი გარჩევის სავარაუდო მიზეზად მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება სახელდება, რომელიც 2 ახალგაზრდის მკვლელობით დასრულდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდები ერთ-ერთ ბინაში მეზობელმა ჩაცხრილა.