„არაერთხელაა ნასამართლევი, მათ შორის, ყაჩაღობისთვის და ადამიანების დაჭრისთვის“ - ახალი დეტალები მეტროში ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულზე

ბექა მინდორაშვილი

ბექა მინდორაშვილს, რომელმაც მეტროში ახალგაზრდა ბიჭს ხელი ჰკრა, პატიმრობა შეეფარდა. 

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან გელოვანმა მიიღო.

სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებით, ბექა მინდორაშვილი საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებაა, ის წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი, მათ შორის, ყაჩაღობისთვის და ადამიანების დაჭრისთვის, მათ შორის, ის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს თავს 2-ჯერ დაესხა.

პროკურორის თქმით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა, ადგილიდან მიმალვა სცადა და ის სამართალდამცავებმა შეაკავეს. ამას გარდა, პროკურორის თქმით, მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისთვის უმჯობესია, პატიმრობაში იმყოფებოდეს.

დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიანდო.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა.

ბექა მინდორაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო: „IPN“