ბექა მინდორაშვილს, რომელმაც მეტროში ახალგაზრდა ბიჭს ხელი ჰკრა, პატიმრობა შეეფარდა

ლაშა

36 წლის ბექა მინდორაშვილს, რომელსაც მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან გელოვანმა მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა.

ბექა მინდორაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.