სინაგოგას ჯერ სატვირთო შეაჯახა, შემდეგ კი, ცეცხლი გახსნა - თავდასხმა აშშ-ში

თავდასხმა სინაგოგაზე

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიჩიგანის შტატში, ერთ-ერთმა პირმა სატვირთო მანქანა ებრაულ სინაგოგას შეაჯახა და ადგილობრივების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სინაგოგასთან შეჯახების შემდეგ, თავდამსხმელმა ასაფეთქებელი ნივთიერებაც გაისროლა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, თუ როგორ ამოდის კვამლი შენობიდან. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სინაგოგის შეიარაღებულმა დაცვამ დროული რეაგირება მოახდინა, დამნაშავეს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა და მისი ადგილზევე ლიკვიდაცია მოახდინა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და FBI, რომლებიც მომხდარს იძიებენ. შემთხვევა Temple Israel-ის სინაგოგაში მოხდა, რომელიც ამერიკაში ერთ-ერთი უდიდესია და მასში სკოლაც ფუნქციონირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაშავებულა. 

შემთხვევის გამო, შეერთებულ შტატებში ასეულობით სინაგოგიდან მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია.