პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"მელაძის ინტერიერი" - ავეჯის დამზადების ცნობილ ქართულ კომპანიას სერიოზული პრობლემები აქვს. კომპანია “მელაძის” მფლობელი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზეა ბრალდებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ჯგუფურად - მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, სასურველი ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა.
პროკურატურის მიერ ბრალდების წარდგენის შემდგომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ კომპანია “მელაძის” მფლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 7000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მასვე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება და პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის გარეშე, აეკრძალა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა.
მიუხედავად აკრძალვისა, ბრალდებული გამოძიებას მიემალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეიცვალა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
ბრალდებულს თავდაპირველად ბრალდება 2022 წლის 25 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით (სამი ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა. ბრალდების წარდგენის შემდგომ, საგამოძიებო ორგანოს კიდევ ათეულობით დაზარალებულმა მიმართა ბრალდებულის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური თაღლითობის ფაქტებზე.
ვინც სამართალდამცველებს მიმართა, მრავალი დაზარალებულიდან ერთ-ერთი ანა რუსიანია. მან ”მელაძე ინტერიერის” პიარ მენეჯერზე და კომპანიის სახეზე, ვაჟა მელაძეზე საუბრისას თქვა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თაღლითია. ანას და მის ოჯახს უკვე დაზარალებულის სტატუსი აქვს. მათ საგამოძიებო უწყებას მას შედეგ მიმართეს, რაც 25 000 ლარი მელაძის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ კომპანიაში გადარიცხეს და მომსახურება ვერ მიიღეს.
ირკვევა, რომ შპს მელაძე მომხმარებელთან აფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც ავეჯის ღირებულების ჯერ 70%-ს იხდის, შეკვეთის ჩაბარებამდე 10 დღით ადრე კი, მითითებულ ანგარიშზე თანხა სრულად უნდა გადაირიცხოს. ასე მოხდა ანა რუსიანისა და მისი მეუღლის შემთხვევაშიც, მაგრამ ოჯახს შეკვეთილი ავეჯი არავინ დაუმზადა.
ანა რუსიანისა და მისი მეუღლის გარდა, დაზარალებულის სტატუსი მთავარმა საგამოძიებო უწყებამ 10-მდე პირს მიანიჭა. რუსიანისგან განსხვავებით, მათ კონტრაქტი არა "შპს მელაძესთან", არამედ "მელაძე 2021-თან" გააფორმეს. გამოძიების მიხედვით, ეს მელაძის შვილობილი კომპანიაა, რომელის 100%-ს როლანდ ლუკაშვილი ფლობს. სწორედ ლუკაშვილი აფორმებდა კონტრაქტებს პირობების არშესრულების შემდეგ. იგი კლიენტებს უხსნიდა, რომ პასუხისმგებელი პირი ვაჟა მელაძე იყო, თავად კი კომპანიას ფორმალურად ფლობდა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მელაძესთან და მის შვილობილ კომპანიებში ხშირი იყო საკადრო ცვლილებები, მაგრამ ჩვენებებში თანამშრომლები ადასტურებენ, რომ ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ ვაჟა მელაძე იღებდა. გამოძიების დაწყების შედეგ, სოცილურ ქსელში არაერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ დაზარალებულთა რიცხვი გაცილებით დიდია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ზემოაღნიშნული ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, 25 ოქტომბერს, ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაზუსტდა, კერძოდ მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (20 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (6 ეპიზოდი) წარედგინა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ბრალდებულს უკანონოდ აქვს გადაკვეთილი საქართველოს საზღვარი, აღნიშნულ ნაწილში მისი ბრალდება დამძიმდება და დამატებით წარედგინება ბრალდება შესაბამისი მუხლით.
ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2022 წლის 31 ოქტომბერს ბრალდება წარედგინა ორ პირს. მათ შორის კომპანია "მელაძის" მფლობელის მეუღლეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) (17 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (3 ეპიზოდი) წარედგინა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულის მეუღლე, უშუალოდ იყო ჩართული თაღლითურ სქემაში, იყო კომპანია “მელაძის”დამფუძნებელი, პირადად მონაწილეობდა საწარმოს მართვაში და მისი მითითებით ხდებოდა დაზარალებულების თანხების განკარგვა. ვინაიდან, აღნიშნული პირიც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი და იმყოფება მიმალვაში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მეორე პირს ბრალდება 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) (4 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (2 ეპიზოდი) წარედგინა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 15 000 ლარის ოდენობით.
სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება. საგამოძიებო ორგანოს თითქმის ყოველდღიურად მიმართავენ ახალი დაზარალებულები. ამ დროისათვის საქმეში ფიგურირებს 47 დაზარალებული და მათ მიმართ მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 719 408 ლარს.