პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„კურიერმა“ დახურული საქმის მასალები მოიპოვა. საქმე ეხება გორში, 8 თვის წინ მომხდარ გახმაურებულ მკვლელობას. ბრიტანელი ტურისტი, ტომას კენედი გორში ჯერ გაქურდეს, შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და უგონო მდგომარეობაში მტკვარში გადააგდეს, ცხედარს სწორედ მდინარეში მიაგნეს. საქმეზე განაჩენი ახლოვდება, ოჯახი ხუთივე ბრალდებულისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვს. მათ გამოძიების ეტაპზე აღიარებითი ჩვენებები მიცემული ჰქონდათ, თუმცა სასამართლო განხილვისას პოზიცია შეცვალეს.
ბრიტანელი ტურისტის, ტომას კენედის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბალაშვილი, პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში დეტალურად ჰყვება, რომ ბრიტანეთის მოქალაქე მეგობრებთან ერთად გაქურდა, სცემა და მდინარეში გადააგდო, მისგან მოპარული პლასტიკური ბარათით კი, სამეგობრომ ძეხვი და სიგარეტი იყიდა, წართმეული ტელეფონის გაყიდვის შედეგად კი 80 - 80 ლარი შეხვდათ. ამ ჩვენების მიუხედავად, ბალაშვილი მკვლელობის ბრალს დღეს უკვე უარყოფს ისევე, როგორც ანგარებით მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მისი სამი მეგობარი, ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია.
„კურიერმა“ მძიმე ბრალდებით დაკავებულების დახურული საქმის მასალები მოიპოვა, მათ შორის ბრალდებულ გიორგი ქარელის და ზურაბ ფალავანდიშვილის ჩვენებები. ვასილ ოქროპირიძე დაკავებული 5 პირიდან ერთადერთია, ვისაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. მას ჩადენილი დანაშაულის შესახებ მეგობრებმა უამბეს. ტომას კენედის ტელეფონის დალომბარდების შემდეგ, ჩვენებების მიხედვით, ოქროპირიძეს 20 ლარი ერგო. მოყვარული მუსიკოსი, 28 წლის ტომას კენედი, საქართველოში 2 წელი ცხოვრობდა. სიცოცხლის ბოლო დღეს, კენედიმ, გორში, დამეგობრებული მუსიკოსები ბარში ლუდზე დაპატიჟა. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ის რკინიგზის მიმართულებით გაიტყუეს, სცემეს, გაქურდეს და მდინარეში ჩააგდეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მტკვარში გადაგდებული ტურისტი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ასფიქსიით გარდაიცვალა.
უმძიმესი დანაშაულის საქმეს, მოკლულის ნათესავები ბრიტანეთიდან ეცნობიან. გორის რაიონულ სასამართლოში, დახურულ კარს მიღმა გამოკითხეს მოკლული ტურისტის ძმა, რომელიც ბრალდებულებისთვის უმკაცრეს სასჯელს მოითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს მაქსიმალურ სასჯელად 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.