პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბათუმის ყოფილი ვიცემერი, ზურაბ ბერიძე დაიკითხა. ზურაბ ბერიძესა და ანასტასია შატალოვას საერთო შვილი ჰყავთ. როგორც ბერიძემ განმარტა, შატალოვასთან კონფლიქტი სწორედ საერთო შვილთან დაკავშირებით ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ყოფილი ვიცე-მერის აცხადებს, რომ ის შატალოვას სთხოვდა, შვილი მისთვის მიეცა, ვინაიდან ბერიძის თქმით, ის შვილს "კვირაობით არ ნახულობდა და შესაბამისად არ უვლიდა".
ბერიძის თქმით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის შესახებ მეორე დღეს, მაშინ შეიტყო, როცა მის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები მივიდნენ.
როგორც ყოფილი ვიცე-მერი აცხადებს, ახლა შვილი მასთანაა და სასამართლოში დავაც მხარის გარდაცვალების გამო შეწყვეტილია.
"ჩვენ გვყავდა საერთო შვილი, ანასტასია შატალოვა 2019 წლის დასაწყისში გავიცანი და შეგვეძინა შვილი, ამ ხნის განმავლობაში გვქონდა იშვიათი ურთიერთობა, ისეთი არა, როგორც ცოლ-ქმარს, ან მეგობარ გოგოს, ყურადღებას ვაქცევდი ორსულობის პერიოდში, უზრუნველვყოფდი საცხოვრისით და ყველა საჭირო ნივთით.
ერთად ვიცხოვრეთ 2021 წლის აპრილის დასაწყისიდან ივნისის დასაწყისამდე, 3 თვე, მანამდე ბავშვის სანახავად მივდიოდი. ორსულობის დროს და ბავშვის დაბადების შემდეგაც, გარკვეული პერიოდი, ბათუმში ცხოვრობდა, ბინა მე დავუქირავე.
ჩვენ ძირითადად ბავშვის საკითხზე გვქონდა უთანხმოება, ბავშვის გაჩენის შემდეგ ანასტასია თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, ბავშვს ჰყავდა ძიძები. აღმოვაჩინე, რომ ბავშვს არ უვლიდა, ამ მომენტში ამაზე საუბარი არაკორექტულია, ვუთხარი, რომ ბავშვი ჩემთვის მოეცა და მასთან ხშირი კომუნიკაცია ექნებოდა და არასდროს დაკარგავდა ბავშვზე უფლებას, შეუზღუდავი უფლება ექნებოდა. რაღაც მომენტში მთანმხდებოდა, მერე უარს ამბობდა, შესაძლოა, ვიღაც ადამიანები ზემოქმედებდნენ მასზე.
ანასტასია რას საქმიანობდა, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, არაკორექტულია ვთქვა, ის ოფიციალურად დასაქმებული არ იყო. კვირები ისე გადიოდა, ბავშვს არ ნახულობდა. სიკვდილამდე ვეხმარებოდი, მე მის ანგარიშზე ვრიცხავდი თანხას. გვარი თავიდანვე არ მიმიცია, დნმ ექსპერტიზა ლევან სამხარულის ექსპერტიზის ბიუროში ჩავატარე და მას შემდეგ რაც დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი იყო, გვარი მივეცი.
ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, როგორც გითხარით, დედობის უფლების შეზღუდვაზე მოთხოვნა არ ყოფილა.
თითქოს, იქამდე მიდიოდა საქმე, რომ შევთანმხდებოდით, უთანხმოების ერთადერთი მიზეზი როგორც გითხარით, ბავშვი იყო, ჩხუბი და რაღაც არ გვქონია. 2021 წლის ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე საქართველოში არ ვიყავი, ანასტასიასთან კომუნიკაცია არ მქონია. ანასტასიასთან კომუნიკაცია სასამართლოს მიერ ნებისმიერი ფორმით აკრძალული მქონდა.
ივნისში გამომიწერეს შემაკავებელი და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შემიფარდეს, იქვე იყო მითითებული, რომ ანასტასიასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მეკრძალებოდა. ჩემსა და ანასტასიას შორის შეკამათება მოხდა, თანხა მომთხოვა, ვუთხარი, რომ საღამოს მივცემდი, რადგან "ქეში" არ მქონდა, ბანკომატიდან გავანაღდებდი და გადავცემდი, უკმეხი პასუხი გამცა, თუ არ მაძლევ, მე შემიძლია თანხის გამომუშავებაო, ეს კონფლიქტი ბათუმში, ჩემსავე დაქირავებულ ბინაში მოგვივიდა.
ანასტასია მანამდე დაქალთან იყო, მასთან კონფლიქტი მოუვიდა და მან ჩემ შვილთან ერთად ისინი სახლიდან გამოყარა, რის შემდეგაც, ჩემ მიერ ნაქირავებ ბინაში გადავიყვანე. ვუთხარი, თუ თანხის გამომუშავება უნდოდა, წასულიყო თბილისში, როცა ნივთებს შეაგროვებ, დამირეკე-მეთქი. ძიძამ დამირეკა, ანასტასიამ 112-ში დარეკა და პატრული გამოიძახაო, ფიცის ქვეშ გეუბნებით, ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო.
ადვოკატმა დაარწმუნა ალბათ, თითქოს მე ვახორციელებდი ძალადობას და ეს სამოქალაქო დავის ნაცვლად იქნებოდა უმოკლესი გზა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მიეღო, თუკი მამას მოძალადის სტატუსი ექნებოდა. მე წავედი საქართველოდან, ოპერაციებიც მქონდა გასაკეთებელი, უკრაინაში 3 ოპერაცია გავიკეთე და სექტემბრის ბოლოს დავბრუნდი.
ანასტასიას მკვლელობის შესახებ მეორე დღეს შევიტყვე, პოლიციელები მოვიდნენ ჩემ საცხოვრებელ ბინაში. დილაობით დიდხანს ძილი მიყვარს და მათ გამაღვიძეს. ბავშვი ახლა ჩემთანაა. მხარის გარდაცვალების გამო სასამართლოში სარჩელი შეწყდა. შატალოვას დედასთან ინტენსიური ურთიერთობა მაქვს", - განაცხადა ბერიძემ.
ცნობისთვის, ზურაბ ბერიძე ანასტასია შატალოვას მიმართ მუქარის ფაქტზე ცალკე წარმოებად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულია. მას შატალოვა მკვლელობამდე უჩიოდა.
ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.
ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი.
ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.