ხმაური ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის პროცესზე - დაკავებულების ოჯახის წევრებს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს

ანასტასია შატილოვა

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. 

სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო - დაკავებულების ოჯახის წევრები სასამართლო პროცესზე დასწრებას ცდილობდნენ, თუმცა, მანდატურის სამსახურმა მათ ამის უფლება არ მისცა.

ადვოკატები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან და ითხოვენ ბრალდებულებს განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოუტანონ.

„თავს ცნობს უდანაშაულოდ, იყენებს დუმილის უფლებას. დღეს მე ბოლო კონსულტაციებს გავივლი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და, ვფიქრობ, მოვითხოვთ აღნიშნული საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა, ვინაიდან უფრო მეტია სამართლიანობის გარანტი და იმის შანსი, რომ ჩვენ დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს,"- აცხადებს ბექა ლატარიას ადვოკატი გიორგი ლაღიძე.

ბიძინა ხასიას ადვოკატი კი, იმ ვიდეომტკიცებულების არადასაშვებად ცნობას ითხოვს, რომელიც ტელევიზიით გავრცელდა.

„ჩვენ ვითხოვთ დაუშვებელ მტკიცებულებად იყოს ცნობილი ბიძინა ხასიას ვიდეოჩანაწერი, რაც გავრცელდა ტელევიზიით, სადაც პოლიციის ხელმძღვანელი ესაუბრება ბიძინა ხასიას. ეს მტკიცებულება არის კანონდარღვევით მოპოვებული იმიტომ, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად ამომწურავად არის მითითებული ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლის საფუძველზედაც უნდა მოხდეს მტკიცებულებების მოპოვება, არანაირი უფლება არ ჰქონდა პოლიციის უფროსს პრივატულად შეხვედროდა ბრალდებულს და აქედან მიეღო ინფორმაცია,"-აცხადებს ბიძინა ხასიას ადვოკატი სოსო კორკელია.

ბრალდებულებს გასულ კვირას ახალი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალი დაუმძიმდათ. განზრახ მკვლელობას, ჯგუფური ეპიზოდი დაემატა და ახლა ბექა ლატარიას და ბიძინა ხასიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.