1732386875
VIDEO: ვრცელდება კადრები, როგორ გაიქცნენ შატალოვას მკვლელები ციხიდან 2015 წელს – ნახეთ რა საქმეზე იყვნენ მსჯავრდებულები
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეში ბრალდებულები წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს.
ადამიანის გატაცება, ნარკოტიკების კონტრაბანდა, სერიული ძარცვა, ქურდობა და ყაჩაღობა – ეს იმ დანაშაულების არასრული ჩამონათვალია, რომლის გამო ბრალდებულები – ბექა ლატარია და ბიძინა ხასია განსასჯელის სკამზე არაერთხელ მოხვდნენ, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ირკვევა, რომ რამდენიმე წლის წინ დრანდის ციხიდან ბრალდებულებმა გაქცევა მოახერხეს.
2009 წლიდან 2011 წლამდე მათ გალის რაიონში გამოსასყიდის მიზნით ადამიანების გატაცებასა და ზუგდიდი-გალის მარშრუტზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში სდებდნენ ბრალს.
“კურიერის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული საქმის მასალებით ირკვევა, რომ დანაშაულის მოტივი ძარცვა არ ყოფილა, რადგან მკვლელობის მომენტში შატალოვას ჩანთაში 2000-მდე ლარი იდო, თუმცა თავდამსხმელს არაფერი წაუღია.
სატელეფონო საუბრისას ანასტასია შატალოვას დედა უკვე ღიად ადებს ხელს ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს, რომელთანაც ანასტასია შატალოვას საერთო შვილი ჰყავს.
თავად ზურაბ ბერიძე მედიასთან კონტრაქტზე აღარ გამოდის. უცნობია, რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას, თუმცა თავად ანასტასია შატალოვა მკვლელობამდე ოთხი თვით ადრე პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში მოსალოდნელ საშიშროებაზე საუბრობდა და წერდა, რომ ზურაბ ბერიძე მას ქილერით ემუქრებოდა.
„დამემუქრა, ავტოსკოლისთვის ფულს კი არ მოგცემ, მაგ ფულით ქილერს დავიქირავებ და მოვაკვლევინებ შენს თავსო. დედის მისამართით დამიწყო გინება და ლანძღვა. შე, მეძავო და ნარკომანოო. ასევე დამემუქრა, მოგკლავ, კისერს გამოგჭრი და ფანჯრიდან გადაგაგდებო. შენს გვამს არხში ნახავენო. ამ მუქარის დროს ზურაბ ბერიძეს ისეთი შეშლილი სახე ჰქონდა, შემეშინდა, მართლა არ გადავეგდე მეექვსე სართულიდან და მართლა არ მოესპო ჩემთვის სიცოცხლე“, – წერდა ის.
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეს, სავარაუდოდ, ნაფიც მსაჯულები განიხილავენ. უახლოეს დღეებში საქართველოში ჩამოსვლას და ჩვენების მიცემას გეგმავს შატალოვას დედა, რომელმაც ქალიშვილი ბოლოს მკვლელობამდე 9 დღით ადრე ნახა.
რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე 18 ოქტომბერს მოკლეს. განზრახ მკვლელობის, ასევე იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია ბექა ლატარია. დანაშაულის დაფარვას ედავებიან მის მეგობარ ბიძინა ხასიას, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, დაკავების მომენტში სამართალდამცველების მისამართით ხელყუმბარა ისროლა და მიმალვას შეეცადა. შატალოვას საქმეზე ხელბორკილები დაადეს იმ პირსაც, ვის სახლში ერთ-ერთი ბრალდებული მკვლელობის შემდეგ იმალებოდა.