4 800-მდე აბონენტს გაზი ავარიულად შეუწყდა - ნახეთ, მისამართები და აღდგენის დრო
1768230785
5-წლიანი პატიმრობა და ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით, - ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. ის რუსთავის 12-ე დაწესებულებაშია გადაყვანილი. პროკურატურამ ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა. ღარიბაშვილი აღიარებს დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს.
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, პროკურატურამ დაცვის მხარის წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გაიზიარეს, რაც ღვინის ქარხანასთან დაკავშირებით წარდგენილ დოკუმენტაციას მოიცავდა, შესაბამისად, ბრალდების ფორმულირება შეიცვალა და ქარხანასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი აღარ ედება.
"ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გაიზიარეს, კერძოდ ის, რომ მას ჰქონდა საბანკო ხელშეკრულებები და გადახდები ქარხანასთან დაკავშირებით, ზედმიწევნით იყო შესრულებული ეს ყველაფერი. შესაბამისად, ბრალდების ფორმულირება შეიცვალა იმ ნაწილში, რომ ქარხნის ნაწილში აღარ ედება მას ბრალი. დარჩა ბრალი იმაში, რომ ქარხნიდან, ანუ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია, - ეს არის ის დანაშაული, რომელშიც მან აღიარა ბრალი.
მას, საპროცესო შეთანხმებით, განესაზღვრა სასჯელად 5 წელი რეალური სასჯელი, პლუს - ერთი მილიონი ლარი ჯარიმა, პლუს - ორი მანქანის ჩამორთმევა. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ეს დანაშაული არავითარ შემთხვევაში არ არის სამოხელეო დანაშაული, - თვითონ დანაშაულიც არის ფინანსურ ნაწილში და საფინანსო სფეროში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. დავაყენეთ ჩვენი შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმებაზე, განიხილეს, დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რაც აგიხსენით. პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა, აღიარებდა თუ არაა მის მიმართ წარდგენილ ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი ბატონო, აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს," - აცხადებს ადვოკატი.