„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
საქართველოს ბანკის თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია როდის და რა ვითარებაში მოხდა ესებუას დაკავება. იოსებ ჯანაშიას თქმით, მან დაკავების შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო.
„ვესაუბრე ბრალდების მხარეს, ამ შემთხვევაში პროკურორს და მასთან საუბრისას გავარკვიე რომ მასაც არ იცოდა დაკავების შესახებ. შემდეგ გავარკვიეთ, რომ ის დააკავეს სოფელ ჯიხაშკარში. ახლა ის, ქუთაისის მეორე დაწესებულებაში გადაჰყავთ“, - აღნიშნა ბადრი ესებუას ადვოკატმა.
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.
ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში შეიჭრა. ის, ნახევარ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს ან მანქანას ითხოვდა, რათა მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია ჰქონოდა. ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცველებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ ბადრი ესებუამ სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.
გამოძიება მის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.