PHOTO: როგორ გამოიყურება დღეს ძარცვასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული, რომელიც 2 წელი იმალებოდა

ესებუა

ძარცვასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული, ბადრი ესებუა, რომელიც 2 წელი იმალებოდა, დღეს, გამთენიისას დააკავეს. ესებუა ზუგდიდში იმ დროს დააკავეს, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში გადასვლას აპირებდა. ის სოფელ ჯიხაშკარში აიყვანეს. 

მსჯავრდებული ბადრი ესებუა პირდაპირ ციხეში გადაიყვანეს. 

ბადრი ესებუას მიერ საქართველოს ბანკზე თავდასხმის დეტალები „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთმა მოწმემ ირაკლი კვარაცხელიამ გაიხსენა.

„25 წლის გოგო, ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევალი, წინა დღეს დაქორწინდა და ქორწილში მანქანა აჩუქეს, მაგის გადასაფორმებელი ფულის გამოსატანად იყო მოსული და 7-საათნახევარი დაყო საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში“ – ამბობს „პრაიმტაიმთან“კიდევ ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია.

„მე პირადად ამერიკიდან ახალი ჩამოსული ვიყავი… სადაც 6 წელი ვცხოვრობდი. კარტა მქონდა შეკვეთილი და იმის გამოსატანად მივედი. იმ დღის მერე ვერიდები ბანკში შესვლას, მზარავს. ყველაზე მძიმე შვიდსაათნახევარი იყო ეს ჩემს ცხოვრებაში. თავიდან 43 მძევალამდე ვიყავით პირველ სართულზე, სადაც ძალიან აგრესიულად გვექცეოდა თავდამსხმელი. მერე როცა 43-დან რამდენიმე გაათავისუფლა და 19 აგვიყვანა მესამე სართულზე, შეცვალა ტაქტიკა. ბოლოს 12 დავრჩით მასთან. იგი ითხოვდა თავისი მოთხოვნები მედიასთან გაეჟღერებინა ჩვენი მეშვეობით. რამდენიმეს მიადგა, ითხოვდა დატენილ მობილურს და ინტერნეტს. მე მეოთხე ვიყავი რიგში, რომელსაც ტელეფონი დატენილი მქონდა და ინტერნეტიც. ითხოვდა „ტვ პირველთან“, „მთავართან“ და „ფორმულასთან“ დაკავშირებას, რომ მოთხოვნები მედიით გაეჟღერებინა.

რაც მე იქ მძევლების ისტორიები მოვისმინე…ის 25 წლის ახალგათხოვილი გოგო ახლაც თვალწინ მიდგას, ქმარი გარეთ ელოდებოდა… იყო მარტოხელა დედაც, რომელიც საკუთარ ისტორიას ყვებოდა, როგორ სიმწრით გაზარდა შვილი და რომ ახლა სიკვდილს უყურებდა თვალებში“, – გვიყვება ირაკლი კვარაცხელია.

მისი თქმით, თავდამსხმელი ძალიან აგრესიულად ექცეოდა სამხედრო ფორმაში ჩაცმულ მძევალს.

„როცა უკვე შენობიდან გადიოდნენ და წასაყვან მძევლებს არჩევდა, მივხვდი, რომ მისთვის „საშიშროებას“ წარმოვადგენდი. წაიყვანა ხვიბლიანი, კიდევ 2 და ერთიც მაშინდელი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა“, – იხსენებს ირაკლი კვარაცხელია.

შეგახსენებთ, 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა 3 მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა მძევალი, მათ შორის ავთანდილ გალდავაც, გათავისუფლებული იყო. არცერთ მათგანს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.