რა მოხდა აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე - თვითმხილველები ფაქტებზე საუბრობენ

oxanashvili

30 ივნისს ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას თვითმხილველები პასუხობენ და აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას.

თავად დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა საელჩოში ტელეკომპანია „პირველის” დირექტორთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, ის ღონისძიებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან მივიდა „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი და სთხოვა, რომ რაღაცის თქმა სურდა.

„ის მომიახლოვდა და ყურში ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები თქვა, რასაც მე არ და ვერ ვიტყვი. ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია. ის მაშინვე, მყისიერად გაეცალა იქაურობას სწრაფი ნაბიჯებით. პრაქტიკულად ეს იყო წარმოუდგენელი რამ, ვერც გავაცნობიერე, თუ რასთან მქონდა საქმე. თუმცა ფაქტი ის იყო, რომ მან უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო და შესაბამისად ლოგიკურია, რომ მე მქონდა ინტერესი, მისთვის მეკითხა, თუ როგორ გაბედა ეს მან აშშ-ის საელჩოს ღონისძიებაზე და როგორ გაბედა ადამიანის მიმართ, რომელსაც პრაქტიკულად არც იცნობს.

რამდენიმე წუთში ის დავინახე, რა დროსაც ვკითხე, თუ რატომ იკადრა და როგორ გაბედა ეს უბინძურესი პროვოკაცია, რა დროსაც მან გააგრძელა შესაბამისი საუბარი. ამას ჩემი მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაქცია, ადეკვატური პასუხი, თუმცა არა ისეთი ბინძური საუბარი, რაც მისი მხრიდან იყო. ამ დროს მოხდა მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლა. მე ვფიქრობ, რომ ამას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, ასევე აშშ-ის საელჩოს მხრიდან – ეს იყო თავდასხმა პარლამენტის წევრზე უმძიმესი, უბინძურესი პროვოკაციით.

მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ჩაწერია საელჩოს კამერებზე, როგორ მოდის ჩემთან, როგორ მიხმობს გვერდით და როგორ მესაუბრება. ასევე მე როგორ მივდივარ და ვეკითხები,თუ რატომ გაბედა უბინძურესი პროვოკაცია. ეს არ არის ჩვეულებრივი საუბარი და კრიტიკა,ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანდა“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას გაშლილი ხელი დაარტყა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა. 

„უამრავი თვითმხილველი იყო. ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. ოხანაშვილმა მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები… ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხომ თავი უნდა მოიკლა, რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი, ორივე სახეში მომხვდა. ეს ლაჩრები, ან თავმოყვარეობა არ აქვთ, აშშ-ის საელჩოში ამას რომ დგამენ, წარმოგიდგენიათ, ქვეყანას რას უშვრებიან?!”, – განაცხადა წერეთელმა.

პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან" ირაკლი ზარქუა, რომელიც აშშ-ის საელჩოს მიღებაზე იმყოფებოდა, „ფეისბუკის" პირად გვერდზე ეხმაურება 30 ივნისს მომხდარ დაპირისპირებას.

„დღეს ადგილი ჰქონდა ბინძურ პროვოკაციას, ჩემი მეგობრის, ანრი ოხანაშვილის მიმართ!! ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე, ვახო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რომლის აქ დაწერაც კი მეუხერხულება. ბუნებრივია, ასეთ საქციელს და ამ შეურაცხყოფის მოტივის და მიზეზის დადგენის მცდელობას, მოყვა გარკვეული შელაპარაკება და დაპირისპირება მათ შორის!!!.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მხოლოდ მათ შორის! ხოლო დანარჩენები ვინც იქ შევესწარით ამ ამბავს, მათ ვაშველებდით! ეს არის სიმართლე და ეს ნახა იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა და ამას დაადგენს კადრებიც თუ გასაჯაროვდა! ხოლო რაც ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, რომ თურმე 4 კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ, ეს არის მტკნარი სიცრუე და ეს არაფერში წერია!!! ბუნებრივია, ცუდია რაც მოხდა და მიუღებელია, მაგრამ როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო რომ პასუხს მიიღებ იმ კაცისგან! კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა დასაგმობია რაც მოხდა და მიუღებელი! თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრის წინააღმდეგ!" - წერს ირაკლი ზარქუა.

საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, Facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები ასაჯაროებენ "ქართული ოცნების" დეპუტატების პირად სატელეფონო ნომრებს.

"ტვ1-ის" დამფუძნებელზე, ვატო წერეთელზე თავდამსხმელი დეპუტატები" - ამ ტექსტით ვრცელდება პარლამენტის წევრების ნომრები. საუბარია ანრი ოხანაშვილის, ირაკლი ზარქუას, ბექა ოდიშარიას და ლევან მგალობლიშვილის სატელეფონო ნომრებზე.

დეპუტატებს, ჯგუფის წევრები, სავარაუდოდ, ორგანიზებულად უკავშირდებიან აშშ-ის საელჩოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების საელჩოში მიმდინარე საზეიმო მიღებაზე დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის. ანრი ოხანაშვილის თქმით, მას ვატო წერეთელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მძიმე პროვოკაცია მოუწყო. თავად წერეთელი ამბობს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ დეპუტატები.

მოგვიანებით, წერეთელსა და ოხანაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადება გაავრცელა საელჩომ. საელჩოს განცხადებაში, წერია, რომ მომხდარის შესახებ სწავლობენ ინფორმაციას.

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას.” – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.