რა ხდება ამ წუთებში ლარსზე - შს მინისტრი ვითარების შესახებ დეტალებს განმარტავს

larsi

იმის თქმა, რომ რუსეთში მობილიზაციის დაწყებიდან 250 ათასი ადამიანის შემოვიდა, ეს აბსოლუტურად არასწორია, ტყუილია და მაგდენი არ შემოსულა, საიდან მოგაქვთ ეს ციფრები, მე არ ვიცი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას შეეხებოდა.

„დაახლოებით 4-5 დღის წინ იყო 5 ათასიდან 6 ათასამდე შემომსვლელი, ახლა გაიზარდა დაახლოებით 10 ათასამდე, სადღაც 40-45 %-ით მოიმატა და არა 250 ათასი და 2 მილიონი. არ ვიცი, ამას თქვენ ვინ გეუბნებათ. გუშინწინდელი იყო 11 200 ადამიანი, ხოლო გუშინდელი 10 400. გასვლით გადის დაახლოებით 60%.

მე ერთი კითხვა მიჩნდება ყოველთვის, ეს ოპოზიცია ორადაა გაყოფილი, როგორც ჩანს, თუმცა, ევროპაში უკვე სხვა მიდგომებია, ზოგი იძახის, რომ ჩავკეტოთ და აღარ შემოვუშვათ, ზოგი ამბობს - ეს ხალხი არ წავიდეს ომში, არ მოკლან უკრაინელები, არ ებრძოლონ მათ. ჩამოყალიბდნენ, უნდათ შემოვუშვათ თუ არ უნდა შემოვუშვათ,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დარიალის გამშვებ პუნქტზე გაძლიერებული ძალებით მუშაობენ მესაზღვრე-კონტროლიორები, აგრეთვე, უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით ხდება მონიტორინგი, რომ არ მოხდეს საზღვარზე არასრული დოკუმენტაციით შემოსვლა.

რიგები დგას, ხედავთ, ჩვენს მხარეზეც. ჩვენი გამტარიანობა ისე არ არის, რომ 10 და 20 „გეითიანი“ იყოს, ახლა უკვე ჩვენც გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებული გვყავს დანაყოფები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს. უსაფრთხოების სამსახურიც გვეხმარება. რომ ვთქვათ, პიკზე ვართ, ამაზე მეტი არა მგონია გაიზარდოს და ვერ გავატარებთ ფიზიკურად“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.