რა ბედი ეწია საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელ მზარეულს

თავდასხმა

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელ, 49 წლის შალვა მელიქიშვილს, ციხეში გულის ოპერაცია გაუკეთდა. ინფორმაციას, თავდამსხმელის ადვოკატი ადასტურებს.

ლეილა გარსევანიშვილი „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააპელაციო სასამართლოში 29 სექტემბრისათვის ჩანიშნული პროცესიც გადაიდო.

„ცოტა ხნის წინ გაიკეთა გულის ღია ოპერაცია და ჯერ ისევ შეუძლოდაა. ექვემდებარება მკურნალობას, მაგრამ ამ ეტაპზე მისი ბადრაგირება არ შეიძლება. პროცესი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში დღეისათვის უნდა შემდგარიყო, გადაიდო. განაჩენი სააპელაციოში, სახელმწიფო ბრალდებამ გაასაჩივრა. მე კი, მიმაჩნია, რომ მოსამართლე მამუკა წიკლაურის განაჩენი არის სწორი, სამართლიანი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ ჩადენილი ქმედების შესაბამისი“,- განაცხადა გარსევანიშვილმა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ მელიქიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე და 329- ე მუხლებით წაყენებული ბრალდება გადაუკვალიფიცირა და მსჯავრდებულის ქმედება მხოლოდ, 144- ე მუხლით გათვალისწინებული მძევლების აყვანად მიიჩნია.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შალვა მელიქიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე, იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა-ტარებისთვის დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, მთლიანობაში, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუნიშნა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სასამართლო-ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ, ბანკზე თავდამსხმელის შეზღუდული შეურაცხადობა დაადასტურა.

განაჩენი თელავის რაიონულ სასამართლოში, 2022 წლის 19 აპრილს გამოიტანეს. სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალდებამ ზედა ინსტანციის სასამართლოს, გადაწყვეტილების გამოტანიდან, ერთი თვის ვადაში მიმართა.

თელავში მცხოვრები შალვა მელიქიშვილი, საქართველოს ბანკის თელავის ფილიალში, 9 სექტემბერს, დღის 16 საათზე შევარდა.

ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, მძევლად 23-მდე ადამიანის აყვანა მოახერხა, თუმცა, მოგვიანებით ბანკში მხოლოდ 6 პირი დარჩა.

მელიქიშვილი ბანკის აფეთქებით იმუქრებოდა და ნახევარ მილიონ დოლარს, შემდეგ კი, ლარს ითხოვდა.

ბანკზე თავდასხმამდე, მამაკაცი, თელავში, ერთ-ერთ სასტუმრო-რესტორანში, მზარეულად მუშაობდა, საიდანაც ალკოჰოლის გადაჭარბებით მოხმარების გამო, ორჯერ გაათავისუფლეს.