პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თესალონიკის სააპელაციო სასამართლოში 2017 წელს გარდაცვლილი, 36 წლის ქართველი ქალის, დიანა ბერიძის მკვლელობის საქმის განხილვა განახლდა. სასამართლო პროცესი დღეს დაიწყო და სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, "ქერა ანგელოზის" საქმეს შერეული ნაფიცმსაჯულები განიხილავენ.
"განზრახ არაფერი გამიკეთებია, მისი მოკვლის განზრახვა არ მქონია", - განაცხადა დღეს დაწყებულ სასამართლო პროცესზე 42 წლის ექიმმა.
გარდაცვლილის ახლობლები და ნათესავები კი ამტკიცებენ, რომ "ეს არ იყო სამედიცინო შეცდომა, არამედ - განზრახ ჩადენილი დანაშაული", ვინაიდან ექიმმა მის გადასარჩენად არაფერი იღონა, მით უმეტეს როდესაც შემთხვევა საავადმყოფოს შენობაში მოხდა.
როგორც გარდაცვლილის ქმარი ამბობს, ოჯახი ბრალდებულისთვის პირველი ინსტანციის ვერდიქტის ძალაში დატოვებას და ექიმისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ელოდება.
"როცა ჩემი ცოლი მოკლეს, ჩვენი სამივე შვილი არასრულწლოვანი იყო. დღეს, ჩვენ სასამართლოში ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ პირველი ინსტანციით ექიმისთვის გამოტანილ უვადო თავისუფლების აღკვეთას." - თქვა გარდაცვლილის ქმარმა.
ოჯახის განცხადებით, ეს იყო განზრახ დანაშაული, ფაქტები და დოკუმენტები ამას ამყარებს...
როგორც ცნობილია, დიანა ბერიძე 2017 წელს, თესალონიკის ჰიპოკრატეს საავადმყოფოში ვიზიტის შემდეგ გაუჩინარდა. მოგვიანებით კი მისი ცხედარი ქალკიდიკის ტერიტორიაზე იპოვეს.
"2017 წელს, 36 წლის სამი შვილის დედა თესალონიკის ჰიპოკრატეს საავადმყოფოს, ვარიკოზული ვენების პრობლემის გამო ეწვია. 42 წლის ექიმმა, დიანას ორი ძლიერი საანესთეზიო საშუალება მისცა, რომლებიც როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ოპერაციისთვის საჭირო არ იყო.
მისი გარდაცვალება სწორედ ექიმის მიერ მიცემულმა საანესთეზიო საშუალებებმა გამოიწვია.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებულმა ექიმმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, 36 წლის გარდაცვლილი ქალის ცხედარი საკუთარ მანქანით ქალკიდიკში გადაიყვანა და კლდიდან გადააგდო.
პირველ სასამართლო ინსტანციაში ბრალდებულმა განაცხადა, რომ ქალის გარდაცვალება, სამედიცინო შეცდომის შედეგი იყო. დანაშაულის დაფარვის მცდელობა კი იმით გაამართლა, რომ მომხდარზე ვერავის ესაუბრა.
დიანა ბერიძის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, თესალონიკის ადმინისტრაციულმა სასამართლომ, მისი ოჯახისთვის 700 000 ევროს ოდენობით ბრალდებულს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. გარდაცვლილი ქალი საბერძნეთში უძრავი ქონების აგენტად მუშაობდა.